საზოგადოება
ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა
FaceBook
ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში შესახლებულმა 12-მა ბენეფიციარმა თავშესაფარში შესვლაზე უარი განაცხადა.
ჟუჟუნა ჩუბინიძე, რომელიც ერთოთახიანი ბინის მიღებას ელოდა, ამბობს, რომ შენობის პირველ სართულზე, სადაც მას ფართი ერგო, არაიზოლორებულია და არ აქვს კარი. მისი თქმით, ოთახში 3 ადამიანთან ერთად უნდა ეცხოვრა.

ასეთ გარემოს ჟუჟუნა ჩუბინიძემ, ისევ  თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილი საგრენაჟო ქარხნის ერთ ოთახში ცხოვრება არჩია, სადაც არ აქვს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები, 15 წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს და წყალსაც ბოთლებით იმარაგებს.

"სამ უცხო ადამიანთან ერთად როგორ ვიცხოვრო? კარი არ აქვს ოთახს. ეს უფრო ღამის გასათევია, ვიდრე ოთახი. თან გაზიც არ არის და როგორ გავძლებდი ამ სიცივეში გათბობის გარეშე? ისევ, აქ მირჩევნია ცხოვრება, ხანდახან ცეცხლს მაინც დავანთებ შეშა თუ შევაგროვე", - ამბობს ჟუჟუნა ჩუბინიძე.



მის მსგავსად, უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრებაზე უარი კიდევ 11-მა ბენეფიციარმა თქვა, რომლებსაც, ასევე, პირველ სართულზე ერგოთ ფართები. მათგან 5-მა წერილობით განაცხადა უარი, ხოლო 7-მა სიტყვიერად.

სოციალური საცხოვრისის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ე.წ. ღამის გასათევ ოთახებში არის კომფორტული საწოლები, მატრასები, მცირე ავეჯი და სააბაზანო. შესაბამისად, ცხოვრებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, თუმცა, ბენეფიციართა ნაწილს ასეთი გარემო არ აკმაყოფილებს და მათ ინდივიდუალური საცხოვრებლები სურთ.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ სოციალურ საცხოვრისში ფართების განაწილება ქულების მიხედვით მოხდა, რომელიც რამდენიმე პრინციპით დაითვალეს.

"ჩვენი სამსახური იყო იმ კომისიაში, რომელიც ქულების მიხედვით ანაწილებდა ბინებს. ცხადია, უპირატესობა მიენიჭა დაბალი სოციალური ქულების მქონეებს, მრავალშვილიანებს და კიდევ იყო რამდენიმე კრიტერიუმი, რის მიხედვითაც განისაზღვრა ბენეფიციართა სია,"- ამბობს ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი, ჯონი არაბიძე.


ნიკეას ქუჩაზე სოციალურ საცხოვრისში, რომელიც ქუთაისის მერიის დაკვეთით, შპს "სანომ" ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაში 2 500 000 ლარად მოაწყო, უსახლკაროებს ბინები მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს გადაეცათ.

სოციალურ საცხოვრისში ამ დრომდე არ არის ბუნებრივი აირი ჩართული. "სოკარ ჯორჯია გაზში" ამბობენ, რომ შენობაში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, რის გამოც გაზის ჩართვა ვერ მოხდება.


ამავე თემაზე:

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები
Print