საზოგადოება
უკონტროლო ნაგავსაყრელი და ცხოვრება ანტისანიტარიაში (ფოტო)
FaceBook
ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში მოსახლეობა წლებია უკანონო ნაგავსაყრელის გაუქმებას ითხოვს. მათი თქმით, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, ტერიტორიაზე, სადაც ამორტიზებული შენობებია, სამშენებლო ნარჩენები უწყვეტ რეჟიმში იყრება. ადგილზე ინერტული მასალის მიტანა ამ დრომდე გრძელდება. ნარჩენების ნაწილი კი ხანდაზმულობის გამო ბალახითაა დაფარული.

უკონტროლოდ დაყრილი სამშენებლო ნარჩენები განსაკუთრებულ პრობლემებს ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებლებს უქმნის, რომლებიც თვითნებურ ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრობენ.

"გავლა აღარ შეიძლება აქ. მოაქვთ შუაღამეზე დიდი მანქანებით და ყრიან. რა სამუშაოებიც კეთდება ქალაქში, ყველა ნარჩენები ჩვენთან მოაქვთ. წლების განმავლობაში რომ სულ ნაგავია, მოსახლეობაც მიეჩვია და თავის საყოფაცხოვრებო ნარჩენებსაც ამატებს. ყველა იძახის ჩვენ არ ვყრითო. აბა ვინ ყრის?",- ამბობს ჭონქაძის ქუჩის მცხოვრები.

ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში მცხოვრებლები ტერიტორიის მთავარ დამაბინძურებლად ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის კომპანიას, შპს "იმედი +"-ს ასახელებენ, რომელიც თვითნებურ ნაგავსაყრელთან ახლოს, რამდენიმე მეტრში მდებარეობს. სამშენებლო კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქუთაისის მერიის ტენდერებში და ამ მომენტშიც ასრულებს სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას ბოჭორიშვილის ქუჩაზე.

ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სწორედ ამ კომპანიის წარმომადგენლებს მიაქვთ ადგილზე სარეაბილიტაცო სამუშაოების დროს დარჩენილი მასალა.


სამშენებლო ნარჩენების ნაწილი უკვე ბალახითაა დაფარული

კომპანიის მენეჯერი, ნოდარ ადეიშვილი ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრას უარყოფს და ამბობს, რომ პირიქით, ქუთაისის მერიისგან ტერიტორიის გაწმენდის უფლების მიღება სურს, რადგან აღნიშნულ მასალას გადამუშავების შემდეგ კვლავ მშენებლობაში გამოიყენებს.

"მე ვერ გეტყვით ვის შეიძლება მოჰქონდეს ეს ნარჩენები. ჩვენ ჩვენივე კომპანიის ეზოში ვყრით, რადგან ეს ისევ გამოყენებადი მასალაა. გარდა ამისა, ვაპირებთ ქუთაისის მერიას ვთხოვოთ მოგვცეს ტერიტორიის გასუფთავების უფლება და ამ ნარჩენებსაც, რომელიც ჩვენთვის რეალურად ღორღია, სხვადასხვა სამუშაოსთვის გამოვიყენებთ", - ამბობს შპს "იმედი +"-ის მენეჯერი, ნოდარ ადეიშვილი.

"იმედი +"-ნესტორ ფრუიძემ შპს "იბერიის" ბაზაზე დააფუძნა, რომელიც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაკოტრდა. ნესტორ ფრუიძე მანამდეც და ადრეც ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული მსხვილი ტენდერების აქტიური მონაწილე და გამარჯვებული იყო. ნოდარ ადეიშვილის თქმით, კომპანია ქალაქში კიდევ ერთი ობიექტის აღებას გეგმავს.

ქუთაისში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული რომელი კომპანია ყრის ნარჩენებს ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში, ამაზე ინფორმაცია არ აქვთ არც ადგილობრივ თვითმმართველობაში. ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა კანონდარღვევის დაფიქსირება ვერ მოახერხეს.

"შესაბამისი სამსახური იყო გასული აღნიშნულ ტერიტორიაზე, მაგრამ ფაქტის დაფიქსირება ვერ მოხერხდა. თუკი, მოქალაქეები შეძლებენ ფოტო მასალის გადაღებას ან კონკრეტული პირების დასახელებას, ვინც ყრის ნაგავს, ჩვენ მოვახდენთ დაჯარიმებას", - ამბობენ მერიაში.

ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში თვითნებური ნაგავსაყრელით უკვე დაინტერესდა გარემოს ზედამხედველობის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს დასავლეთ სამმართველოს ხელმძღვანელი, თინათინ ჩაკვეტაძე ამბობს, რომ ადგილზე შესაბამისი ჯგუფი უკვე გავიდა და საკითხს შეისწავლიან.

ავტოქარხნის დასახლება ქალაქში უკვე მეორე ადგილია, სადაც სამშენებლო ნარჩენები თვითნებურად იყრება, კანონდამრღვევის იდენტიფიცირება კი ვერ ხერხდება. ანალოგიური ვითარებაა ნიკეას ქუჩაზეც, სადაც, სამშენებლო ნარჩენებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის უცნობი პირები სატვირთო ავტომობილებით ეზიდებიან.


ამავე თემაზე:

უკანონო ნაგავსაყრელი და დაუსჯელი კანონდამრღვევი

Print