სამართალი
პროკურატურამ იმერეთის უშიშროებისა და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა
FaceBook
მთავარმა პროკურატურამ ქონების იძულებით ჩამორთმევის 5 ფაქტზე შსს-სა და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა.
პროკურატურის მიერ განხილულ იქნა 1000 მდე საჩივარ-განცხადება და 118 სისხლის სამართლის საქმეზე იქნა გამოძიება წარმოებული, რა დროსაც მხილებულ იქნა 5 საჯარო მოხელე.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2008-2009 წლებში საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსი, ე.წ. იმერეთის უშიშროების უფროსი კონსტანტინე არჩაია, კუდის თანამშრომლების დახმარებით ეწეოდა იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებისათვის თანხების გამოძალვას, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. კერძოდ,
2008 წლის აგვისტოს თვეში კონსტანტინე არჩაიამ მის დაქვემდებარებაში მყოფ კუდის ოპერატიულ თანამშრომელს კონსტანტინე ჭეიშვილს, მისცა უკანონო დავალება, ვინაიდან მას ესაჭიროებოდა ფულადი სახსრები, ამ უკანსკნელს მოეძიებინა კონკრეტული მეწარმეები, რომლებიც შეძლებდნენ აღნიშნული თანხების გადახდას. დავალების შესრულების მიზნით, კონსტანტინე ჭეიშვილი დაუკავშირდა შპს "ლაგი"-ს დირექტორს ლაშა კვირიკაძეს და სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ ფულადი თანხების შეწირვა მოსთხოვა. აღნიშნულზე, დაზარალებულმა ბიზნესმენმა კონსტანტინე ჭეიშვილის მოთხოვნით, 15 000 ლარი ჩარიცხა კუდთან დაახლოებული კერძო პირის გიორგი კენჭაძის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც თანხა კონსტანტინე არჩაიას ხელში აღმოჩნდა.
ანალოგიურად, 2008 წლის აგვისტოს თვეში კონსტანტინე არჩაიამ მორიგი გამოძალვა შპს "ლუქსი"-ს წარმომადგენლების მიმართაც განახორციელა. კერძოდ, მისი დავალებით მოქმედმა კონსტანტინე ჭეიშვილმა იმერეთის კუდის შენობაში დაიბარა შპს "ლუქსი"-ს დირექტორი ზაზა ვაშაკიძე და მას სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ ფულადი თანხების გადახდა მოსთხოვა. მოსალოდნელი გართულებებისგან თავის არიდების მიზნით, კომპანიის წარმომადგენლების მიერ გადახდილ იქნა 100 000 ლარი, რაც კონსტანტინე ჭეიშვილმა, დავალებისამებრ მის ხელმძღვანელ კონსტანტინე არჩაიას გადასცა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხსენებული კომპანიის წარმომადგენლები კვლავ გახდნენ კონსტანტინე არჩაიას უკანონო ქმედებების მსხვერპლი, როდესაც ისინი აიძულეს დამატებით შეეწირათ 10 000 ლარი. მთლიანობაში კონსტანტნე არჩაიას და კუდის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზეწოლის და იძულების პირობებში კომპანიას გამოსძალეს 110 000 ლარი.
ვინაიდან კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს კონსტანტინე არჩაიას დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, დეპარტამენტი სწავლობს იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენთა გამოძალვის სხვა ფაქტებს, სადაც ასევე კონსტანტინე არჩაია ფიგურირებს.
პროკურატურამ აღნიშნული ფაქტების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.
ქუთაისიპოსტი
Print