სამართალი
ქუთაისში 45 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
FaceBook
ქუთაისში 45 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალდებულის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხილავს.

საუბარია, გასული წლის 5 ნოემბერს ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მომხდარ მკვლელობაზე, რომლის შედეგად სავალუტო ჯიხურის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული, 24 წლის მამაკაცი, მკველელობიდან რამდენიმე დღეში დააკავა. მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-2 და მე-3 მუხლით, ასევე, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" პუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" პუნქტით აღიძრა. ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებული პირი წარსულში პირობით მსჯავრს იხდიდა.

ბრალდებულის დედა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავად მისმა შვილმა მოითხოვა, რადგან ის ბრალს არ აღიარებს და უდანაშაულობის დამტკიცებაში სასამართლოზე მეტად, მსაჯულებს ენდობა.

"ერთადერთი მტკიცებულება, რაც პროკურატურას აქვს, მკვლელობის ადგილთან ახლოს ნაპოვნი ნიღბებიდან ამოღებული თმის ღერია, რომლის დნმ-ის ანალიზით დაასკვნეს, რომ დანაშაული ჩემმა შვილმა ჩაიდინა," - ამბობს ბრალდებულის დედა.

დაზარალებულის ოჯახის წევრები კი სასამართლოს ნდობას უცხადებენ. გარდაცვლილის მეუღლის და განმარტავს, რომ მათ არ იციან ვინ ჩაიდინა მკვლელობა, თუმცა, მკვლელობის მიზეზებზე საუბრობენ.

"ვალუტის პუნქტი ჰქონდა, თუმცა ბოლო დროს ამბობდა, რომ შემოსავალი არ იყო და დაკეტვას აპირებდა. ალბათ, ეგონათ, რომ მილიონებს შოულობდა და ეს იყო მიზეზი. რასაც დაადგენს სასამართლო და ვისაც ცნობს ბრალდებულად, ვენდობით სრულად. 45 წლის ადამიანი მოკლეს, მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა, მას ხომ ჰქონდა სიცოცხლის უფლება," - ამბობენ გარდაცვლილი ოჯახის წევრები.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულთა სხდომა უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს. პროცესები მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება, მსაჯულები კი საბოლოო ვერდიქტს მიმდინარე თვის ბოლოს გამოიტანენ.


Print