სამართალი
"ვთხოვ ყველას, ნუ იქნებიან აგრესიულები გოდერძი თევზაძის მიმართ"- ლედი ტუკვაძე
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ, სამტრედიის ყოფილი პოლიციელის, გოდერძი თევზაძის გათავისუფლებაზე, მისი ადვოკატი,  ლედი ტუკვაძე განმარტებებს აკეთებს.
ადვოკატის თქმით, გამოძიების პროცესში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დეტალები, რაც თევზაძის გათავისუფლების მიზეზი გახდა.  ლედი ტუკვაძე ამ დეტალების გასაჯაროებისთვისაც გამოთქვამს მზადყოფნას.

ლედი ტუკვაძე საზოგადოებას მოუწოდებს, თევზაძის მიმართ გამამართლებელ განაჩენს აგრესიის გარეშე შეხვდეს. 

"ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა. საქმის მიმდინარეობისას მეორე წერილიც აღმოჩნდა,   რამაც გამოძიების მიმდინარეობა მთლიანად შეცვალა. სწორედ დღეს,  საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძე ორივე ნაწილში გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ვთხოვ ყველას,  ნუ იქნებიან აგრესიულები გოდერძი თევზაძის მიმართ და თუკი საქმემ მითხოვა,    ყველა დეტალს გავაცნობ საზოგადოებას",– განაცხადა ლედი ტუკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სამტრედიის რაიონული სამმართველოს ყოფილი პოლიციელის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას, საზოგადოების ნაწილი,  სოციალურ ქსელში  უარყოფითი კომენტარებით გამოეხმაურა.  

სამტრედიის სოფელ დაფნარში მცხოვრებმა 22 წლის დემურ სტურუამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით 2016 წლის 7 აგვისტოს დაასრულა.

თვითმკვლეობამდე მან წერილი დატოვა, სადაც გოდერძი თევზაძეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებდა.

მომხდარის შემდეგ გოდერძი თევზაძეზე ძებნა გამოცხადდა, მოგვიანებით კი პოლიციას ჩაბარდა.

მთავარმა პროკურატურამ სამტრედიის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 29 აგვისტოს წაუყენა.სამტრედიელი პოლიციელის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.


ამავე თემაზე:

დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელის მიმართ ძებნა გამოცხადდება

დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გოდერძი თევზაძე პატიმრობაში რჩება
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძეს გათავისუფლებაზე უარი უთხრა

დემურ სტურუას ოჯახის წევრები სამტრედიის პოლიციასთან აქციის გამართვას გეგმავენ

სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული დაცვის უპრეცენდენტო ზომებს ითხოვს

Print