სამართალი
"პოლიციას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოუჩენია" - შსს ქუთაისში ჩატარებულ ჩხრეკაზე
FaceBook

ქუთაისში, დვალიშვილების ოჯახში, მიმდინარე წლის რვა ივნისს განხორციელებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

"2017 წლის 6 ივნისს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართა ქუთაისში მცხოვრებმა მ.გ.-მ, რომ დ.დ. და ბ.დ. უკანონოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს ფლობდნენ, რომელიც, მათ შორის არსებული კონფლიქტის გამო, შესაძლოა, მის წინააღმდეგ გამოეყენებინათ.
სამართალდამცველებმა შეტყობინების მიღებისთანავე მოახდინეს რეაგირება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ჩატარდა ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე დ.დ.-ს და ბ. დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ასევე, ბ.დ-ს პირადი და კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი არ აღმოუჩენია და არც ამოუღია.

გამოძიების ფარგლებში გამოკითხვისას დ.დ.-მ დააფიქსირა, რომ 2017 წლის 5 ივნისს მ. გ.-მ მას სახლში ავტომანქანით, უცნობ პირთან ერთად მიაკითხა, ავტომანქანაში ჩაჯდომა მოსთხოვა და სახლიდან, დაახლოებით, 2 კილომეტრში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე წაიყვანა. მისი თქმით, ავტომანქანაში ყოფნის დროს, მ.გ.-მ მისგან კატეგორიულად მოითხოვა სესხად აღებული თანხის გადახდა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემოახია ტანსაცმელი და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა.

ამის შემდგომ მ.გ.-მ და უცნობმა პირმა დ.დ. აღნიშნულ ადგილზე დატოვეს, ხოლო თვითონ ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით გაემართნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დ.დ-ს პოლიციისთვის აქამდე არ მიუმართავს და არც მომხდარის შესახებ შეუტყობინებია.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მ. გ. ან მისი ძმები შსს-ს თანამშრომლები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება. მ.გ. შსს-ში 2011 წლიდან აღარ მუშაობს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


ამავე თემაზე:

"სახლი დაარბიეს" - ქუთაისში სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ

Print