სამართალი
„შპიონაჟს მთხოვდა“ - ქუთაისის რესურსცენტრის მთავარი ფინანსისტი ხელმძღვანელის წინააღმდეგ
FaceBook
ქუთაისის განათლების რესურსცენტრის მთავარი ფინანსისტი, ანა ლეჟავა, რესურსცენტრის ხელმძღვანელს შანტაჟსა და სიცოცხლის მოსპობით მუქარაში ადანაშაულებს.
ანა ლეჟავას თქმით, ბადრი ვაშაკიძეს მისი სამსახურიდან გათავისუფლება სურს, რადგან მისი ინფორმატორად გამოყენება ვერ შეძლო.

ბრალდებებს უარყოფს ბადრი ვაშაკიძე და ამბობს, რომ ანა ლეჟავამ პირადი საჭიროებისთვის სამსახურებრივი ბეჭედი გამოიყენა და დოკუმენტები გააყალბა.

რესურსცენტრის უფროსსა და თანამშრომელს შორის დაპირისპირებამ უკვე საგამოძიებო უწყებებში გადაინაცვლა.

ბადრი ვაშაკიძემ ანა ლეჟავას წინააღმდეგ შეგროვებული დოკუმენტებით გენერალურ ინსპექციას მიმართა. ანა ლეჟავა კი, ამავე უწყებას მისივე უფროსისგან დაცვას სთხოვს.

თანამშრომლისა და უფროსის დაპირისპირება, ბადრი ვაშაკიძის ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელად დანიშვნისთანავე დაიწყო. მანამდე ამ პოსტზე ანა ლეჟავა უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

ანა ლეჟავას თქმით, ბადრი ვაშაკიძე პოსტზე დანიშვნის დღიდან მისგან თანამშრომლების დასმენას მოითხოვდა.

"მიდი და დამლაგებელს, თანამშრომლებს დაელაპარაკე. ინფორმაცია რატომ არ მოგაქვსო? ეს იყო კატეგორიული მოთხოვნა. ეგონა დამიმორჩილებდა და თავის შპიონაჟს განახორციელებდა, მაგრამ მე შპიონის თანამდებობა არ მაქვს. რამდენჯერმე ისიც მითხრა ყოფილი უფროსი სამსახურში არ უნდა იყოსო. ალბათ, დისკომფორტს უქმნიდა ის, რომ მე მანამდე მის მოვალეობას ვასრულებდი. ამბობდა, მე ჩემს გამოცდილებას ვერ ვახორციელებო. როცა ვკითხე რა არის თქვენი გამოცდილებათქო, მითხრა დირექტორების მოხსნაო. სკოლის დირექტორებს გულისხმობდა", – ამბობს ანა ლეჟავა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ბადრი ვაშაკიძემ მისი ინფორმატორად გამოყენება ვერ შეძლო, მის წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვება დაიწყო და სამუშაო მაგიდის უჯრიდან პირადი ნივთები მოპარა, თუმცა, ანა ლეჟავა არ საუბრობს იყო თუ არა მათ შორის სამსახურებრივი დოკუმენტები.

"2014 წლის 17 დეკემბერი იყო. დილით მოვედი სამსახურში და ჩემი უჯრიდან პირადი ნივთები მოპარული იყო. მაშინვე დავრეკე გენერალურ ინსპექციაში და ვუთხარი, დამიცავითთქო. იმ ოთახში კარი არ იკეტებოდა და შეიძლებოდა მეორე დღეს სამსახურში მოსულს პარკით ფული დამხვედროდა და მერე იტყოდა ქრთამს იღებსო. უკვე შიში გამიჩნდა შანტაჟი არ მოეწყო. სადაც ამდენი გაბედა, რომ დარჩა ღამე და ჩხრეკა ჩაატარა ჩემი უჯრის, უკვე ყველაფერს ველოდი",–ამბობს ანა ლეჟავა.

როგორც ირკვევა, ანა ლეჟავამ გენინსპექციას არამხოლოდ მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა, არამედ, განმარტებით ბარათში რესურსცენტრის უფროსის სამსახურებრივ გადაცდომებზეც ისაუბრა. კერძოდ, წერილში საუბარი იყო ბადრი ვაშაკიძის მიერ სამსახურებრივი ავტომობილით ქალაქგარეთ გადაადგილებაზე, რითიც ანა ლეჟავას მითითებით, რესურსცენტრის უფროსი სახელმწიფო სახსრებს ფლანგავდა. ანა ლეჟავამ ბადრი ვაშაკიძე სამსახურებრივი გულგრილობით 4000–მდე წიგნის განადგურებაშიც დაადანაშაულა, რომელიც მისი თქმით, ერთ–ერთი სკოლის სპორტდარბაზის გასახდელში 8 თვის განმავლობაში უყურადღებოდ ეყარა.

კომპრომატები საკუთარი თანამშრომლის წინააღმდეგ რესურსცენტრის უფროსსაც აღმოაჩნდა.
მომხდარიდან რამდენიმე დღეში, გენინსპექციას ბადრი ვაშაკიძემაც მიმართა და როგორც თავად ამბობს, ანა ლეჟავას მამხილებელი დოკუმენტები გაუგზავნა, რომლებიც მისი თქმით, ლეჟავას სამუშაო მაგიდიდან აიღო და არა უჯრიდან, როგორც ანა ლეჟავა მიუთითებს.

"უჯრიდან არაფერი ამიღია. მაგიდაზე ეწყო ყველაფერი. 6 თუ 8 ცალი, ბეჭედდარტყმული ყალბი ცნობა ჰქონდა. ერთი ფურცელი, რომელზეც ჩემი სამსახურებრივი ბეჭედი იყო დასმული, საერთოდ ცარიელი იყო," – ამბობს ბადრი ვაშაკიძე.

მისივე თქმით, ანა ლეჟავას რამდენიმე სამსახურში მუშაობის დამადასტურებელი ყალბი ცნობა ჰქონდა გამზადებული, რაც პირადი მიზნებისთვის სჭირდებოდა.

"კანონი არ აძლევს უფლებას ჩემი სამსახურის გარდა სხვაგან რომ იმუშაოს და არც მუშაობს. მაშინ რისთვის სჭირდებოდა ეს ყალბი ცნობები? იმისთვის, რომ თანხა მიეღო საფინანსო ორგანიზაციებიდან. მე ვამხილე ის ამ დანაშაულში და ახლა ყველა დოკუმენტი პროკურატურაშია", – ამბობს ბადრი ვაშაკიძე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განათლების რესურსცენტრის უფროსისა და ბუღალტრის საქმეზე მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც უწყებას გენინსპექციამ ანა ლეჟავასა და ბადრი ვაშაკიძის მიერ გაგზავნილი დოკუმენტები გადასცა, თუმცა, მანამდე, საჯარო მოხელეებს შორის დაპირისპირების დეტალებით გენინსპექცია დაინტერესდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ქუთაისის განათლების რესურსცენტრში ჩატარებული  მოკვლევის შედეგად, ბადრი ვაშაკიძეს კონკრეტული მითითებები მისცა, თუმცა, რა ხარვეზების გამოსწორება მოითხოვა უწყებამ რესურსცენტრის უფროსისგან, ბადრი ვაშაკიძე ამაზე არ საუბრობს.

"ეს ჩემი სამსახურის საქმეა და ვერ გეტყვით. დამავალეს რაღაც– რაღაცეები და ვასწორებ", – ამბობს ბადრი ვაშაკიძე.

ერთ–ერთი რისი გამოსწორებაც მას დაევალა, თუმცა, არა გენინსპექციის მოთხოვნით, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანა ლეჟავას მიმართ დისციპლინური  სახდელის სახით გამოცხადებული გაფრთხილების გაბათილება იყო.

2014 წლის 17 დეკემბრის კონფლიქტის შემდეგ, ბადრი ვაშაკიძემ ანა ლეჟავას გაფრთხილება მისცა, რომელიც ლეჟავამ გაასაჩივრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, ბადრი ვაშაკიძეს მისივე ბრძანების გაუქმება დაევალა.

ანა ლეჟავას თქმით, ამან მათ შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა და ბადრი ვაშაკიძემ ერთ–ერთ პირთან შეხვედრის დროს, რომელსაც ანა ლეჟავა არ ესწრებოდა, მისი მისამართით დაიმუქრა.

"არის კონკრეტული ადამიანი, რომელთანაც შეხვედრაზე უჯრიდან დანა ამოიღო და თქვა, როგორ გაბედა ლეჟავამ სასამართლოს მოგება, გავალ და დანას დავარტყამო. ამ ადამიანმა მითხრა ფრთხილად იყავიო. სიცოცხლის მუქარა არ არის ადვილი. მე ამაზეც მივმართე შესაბამის ორგანოებს, თუმცა, დღემდე პასუხი არ მიმიღია. არ ვიცი მიეცა თუ არა მსვლელობა ამ საქმეს", – ამბობს ანა ლეჟავა

მისივე თქმით, საგამოძიებო უწყება ბადრი ვაშაკიძის გულგრილობის მიზეზით 4000 წიგნის განადგურებისა და სახელწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვითაც უნდა დაინტერესდეს.

თავად ბადრი ვაშაკიძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმე არც ერთი მიმართულებით არ არის აღძრული. უარყოფს როგორც მუქარას თანამშომლის მიმართ, ასევე,  წიგნების განადგურების ბრალდებას. ხოლო, რაც შეეხება, სამსახურებრივი ავტომობილით ქალაქგარეთ გადაადგილებას, ამბობს, რომ მან არ იცოდა, რომ ამით კანონს არღვევდა.

"2014 წლიდან მთავრობის დადგენილებით შეიზღუდა ქალაქგარეთ გასვლა სამსახურებრივი მანქანით და მე ეს არ ვიცოდი. ახლა უკვე ფეხით დავდივარ. რაც შეეხება წიგნებს, შეისწავლა ეს საქმე უკვე გენინსპექციამ და გარკვეულია ყველაფერი", – ამბობს ბადრი ვაშაკიძე.

რა გაარკვია პროკურატურამ და რა ეტაპზეა ძიება ქუთაისის რესურსცენტრის უფროსისა და თანამშრომლის საქმეზე, უცნობია. უწყება ქუთაისიპოსტს ინფორმაციის მიწოდებას დაპირდა, თუმცა, მას შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნათია სეხნიაშვილი სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.

Print