სამართალი
პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ქუთაისში, თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში 40 პირი პასუხისგებაში მისცეს
FaceBook
გამოძიება პორნოგრაფიული ნაწარმოების, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ გავრცელების ან რეკლამირების ფაქტზე მიმდინარეობს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19 სხვადასხვა ვებ-გვერდზე პორნოგრაფიული ნაწარმოების და გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისა და რეკლამირების ფაქტზე გამოავლინეს და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს 40 პირი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროსა და ვითარებაში, შემოსავლის მიღებისა და ვებ-საიტების პოპულარიზაციის მიზნით, მოიპოვეს პორნოგრაფიული, მათ შორის, არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი ვიდეოფაილები, რომლებიც ვებ-საიტებზე ატვირთეს, რითიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეს ინტერნეტ მომხმარებლებისათვის. მათ მიერ ინტერნეტში ატვირთული პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოფაილები შეუზღუდავად ვრცელდებოდა ბოლო პერიოდამდე. ამჟამად აღნიშნული საიტების ჰოსტინგები გათიშულია, ხოლო მომხმარებლები – დაბლოკილი. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება პორნოგრაფიული ნაწარმოების, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ გავრცელების ან რეკლამირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს.
Print