სამართალი
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ კრიმინალური პოლიციის უფროსს ქუთაისიდან თბილისში გადაიყვანენ
FaceBook
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გიორგი კაჭარავას საქმეს, თბილისის პროკურატურა გამოიძიებს.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მას მოდულის შენობაში გადაიყვანენ.

გიორგი კაჭარავასთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

ის, იმერეთის კრიმინალური პოლიციის დეტექტივ-გამომძიებელთან ერთად, ქუთაისში 2016 წლის 14 სექტემბერს შსს-სა და სუს–ის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ჯ.ჯ.-ს საქმეზე მოწმის სახით დაბარებულ ბ.უ.-ს, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტიის სანაცვლოდ გარკვეული რაოდენობის თანხა გამოსძალეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11–დან 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print