ახალი ამბები
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას მოსამართლის ბრძანება ამ დრომდე არ შეუსრულებია
FaceBook
ადვოკატის განცხადებით, თუკი უახლოეს დღეებში არ აღადგენენ კაკურიას სამსახურში, პროკურატურას მიმართავენ.


ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანება ამ დრომდე არ შეუსრულებია. საქმე ეხება, საბავშვო ბაღიდან გათავისუფლებული თანამშრომლის, ნანა კაკურიას სამსახურში დაუყონებლივ აღდგენას, რომელიც  სასამართლომ 18 აპრილის გადაწყვეტილებით ააიპ გაერთიანებას დააკისრა.

ქუთაისის #15 ბაგა-ბაღის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატის, რობიზონ ხურცილავას განმარტებით, თუკი აღნიშნული გაერთიანება უახლოეს დღეებში არ აღადგენს კაკურიას სამსახურში, პროკურატურას მიმართავენ.

"ჯერ დაველოდებით როდის გამოსცემენ ბრძანებას სამსახურში აღდგენის თაობაზე, რომელიც დაუყონებლივ უნდა მომხდარიყო. თუკი ოთხშაბათამდე არ აღადგენენ, აუცილებლად პროკურატურას მივმართავთ", - ამბობს რობიზონ ხურცილავა.

ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მათ ამ დრომდე სასამართლოს განჩინება არ ჩაბარებიათ.

"არავის არაფერი ჩაბარდება. თვითონ უნდა მიმართონ. თუკი კანონი არ იციან, ეგ სხვა თემაა", - აღნიშნავს ხურცილავა.

საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რასაც იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ყოველი პირი ვალდებულია კანონიერ ძალაში შესული ან დაუყოვნებლივ აღსასრულებელი სასამართლო აქტის გაცნობისთანავე თავისი ქმედებები შეუსაბამოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

"სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულების უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება სააღსრულებო ბიურო, რისთვისაც სასამართლომ დაუყოვნებლივ უნდა გასცეს სააღსრულებო ფურცელი", - განმარტავს საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი სანტურიანი.

ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა მიმდინარე წლის 12 იანვარს ქუთაისის საბავშვო ბაღის 4 ფილიალის (#1, #13, #17,#15) ხელმძღვანელი პირი გაათავისუფლა. მათ შორის იყო ნანა კაკურია, რომელიც მე-15-ე საბავშო ბაღის ფილიალს ხელმძღვანელობდა.

ბრძანების თანახმად, ისინი ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების წესდების და ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.



ამავე თემაზე:


უთაისის ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ბრალდებები და მოთხოვნები - დისკუსია

ქუთაისის ბაგა–ბაღების 187 თანამშრომლის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო

ქუთაისში ააიპ საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითხოვენ

Print