სამართალი
ავტომანქანიდან ნარჩენების გადაყრისთვის იმერეთში 2 თვეში 666 პირი დაჯარიმდა
FaceBook
ავტომანქანიდან გარემოს დაბინძურებისთვის იმერეთის რეგიონში მიდინარე წლის იანვარსა და თებერვალში საპარტულო პოლიციის მიერ 666 პირია დაჯარიმებული.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ქუთაისისპოსტს შინაგანს საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტმა მიაწოდა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით ისჯება და დამრღვევ პირს 120 ლარის ოდენობის თანხით აჯარიმებს, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება. საპატრულო დეპარტამენტის ცნობით, განმეორებით ჩადენილი დანაშაულისათვის იმერეთის რეგიონში იანვარსა და თებერვალში 3 პიროვნებაა დაჯარიმებული.
საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური, სამშენებლო და სხვა ნარჩენების მოძრაობის, დასაწყობების, გადატვირთვის და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების საკითხებს კანონი არეგულირებს.
კანონი სახელწოდებით "ნარჩენების მართვის კოდექსი" 2015 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა.
"ნარჩენების მართვის კოდექსი"-ს თანახმად, ჯარიმდებიან იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მგზავრები, რომლებიც ფანჯრიდან გადაყრიან სხვადასხვა სახის ნარჩენებს, იქნება ეს სიგარეტის ნამწვი, კვების პროდუქტის ნარჩენები თუ სხვა. საპატრულო პოლიცია არის ზედამხედველი ორგანო, რომელიც აღნიშნულ სამართალდარღვევას აღკვეთს. ჯარიმის ოდენობა 120 ლარს შეადგენს. კერძო ავტოტრანსპორტიდან ნარჩენების გადაყრის შემთხვევაში ჯარიმდება მძღოლი, რომლის მართვის ქვეშ იმყოფება იმ მომენტში ავტომანქანა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში კი ჯარიმდება სამართალდამრღვევი მგზავრი.
დეა მანაგაძე
Print