ახალი ამბები
საქართველოში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა - Human Rights Watch-ის ანგარიში
FaceBook
ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო 1 775 საჩივარი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების შესახებ და დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება 178 საქმეზე. ამავე პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო 72 საჩივარი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ.

ასევე ანგარიშში ასახულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად ეფუძნება მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს და უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს ნორმებს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2023 წლის ოქტომბერში, ,,ქართულმა ოცნებამ’’  შეკრებებისა და მანიფესტაციების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებები დაჩქარებულად შეიტანა. აქვე მითითებულია, რომ ამ ცვლილებებით აპირებდნენ პოლიციისთვის მიენიჭებინათ ფართო დისკრეცია დაეშალა შეკრება ან დაეკავებინა მისი მონაწილეები, რომლებიც დროებითი კონსტრუქციების დადგმას შეეცდებოდნენ. 

ანგარიში მიმოიხილავს 2023 წლის 8 ივლისს დაგეგმილი პრაიდის ფესტივალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.  აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უწყებებმა ვერ შეაჩერეს ძალადობრივი ჯგუფების შესვლა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების ადგილას, ამავდროულად, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მარტში მიღებულ 2023-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში არ არის ნახსენები ლგბტ ადამიანების უფლებები, წინა სტრატეგიისგან განსხვავებით.




Print