სამართალი
სასამართლო ტური სამტრედიის სასამართლოში
FaceBook
USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, მედიაორგანიზაცია ქუთაისიპოსტმა მორიგი ტური მოაწყო სამტრედიის რაიონულ სასამართლოში.

ტურის ფარგლებში სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასამართლოს დარბაზები და დროებითი მოთავსების საკნები დაათვალიერეს, გაეცნენ უწყების მუშაობის პრინციპს, მოისმინეს სასამართლოს შენობის ისტორია. ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ თავად მოერგოთ მოსამართლისა და განსასჯელის როლები.

ტურს სამტრედიის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივანი, ქეთევან მეიშვილი უძღვებოდა. ღონისძიებაში 30-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

,,შენობა, სადაც ახლა ვიმყოფებით, 2007 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ მხოლოდ სასამართლოს შენობაა, მანამდე პროკურატურა და სააღსრულებო ბიუროც იყო. რაც შეეხება სამოქმედო ტერიტორიას, 2012 წლის 20 ნოემბრის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასამართლოები გაერთიანდნენ და სამტრედიის სამოქმედო ტერიტორიით განსაზღვრულია ხონის და ვანის მაგისტრანტი სასამართლოები,” - აღნიშნა ქეთევან მეიშვილმა, ტურის მიმდინარეობისას.



სხვადასხვა როლში მყოფმა მოსწავლეებმა სახალისო იმიტირებული პროცესიც მოაწყვეს. განსასჯელის როლში თავად სკოლის დირექტორი იყო, რომლის ინიციატივით, მოსწავლეებმა სკოლაში ფორმის შემოღების ქეისი განიხილეს. ე.წ იმიტირებულ პროცესზე, სკოლის დირექტორი, ვენერა ოდილავაძე გაასამართლეს და პატიმრობა “მიუსაჯეს”.


სამტრედიის #3 საჯარო სკოლის დირექტორმა, ვენერა ოდილავაძემ ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მოსწავლეების კარიერული გზის არჩევაში სასამართლოში მოწყობილი ტურის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“აღნიშნულ აქტივობაში ჩართვის სურვილი მეტ მოსწავლეს ჰქონდა. მივესალმები იმ ფაქტს, რომ მოსწავლეები აქედანვე ეცნობიან სასამართლოს მუშაობას. ვფიქრობ, ამ დღის შემდეგ სკოლის მოსწავლეებს მეტი სტიმული მიეცემათ და ზოგიერთი მათგანი თავს ამ სფეროსაც დაუკავშირებს,"-ამბობს ვენერა ოდილავაძე.

მოსწავლეებმა კი აღნიშნეს, რომ პროცესი შემეცნებითთან ერთად სახალისოც გამოვიდა.



“სასამართლოს დარბაზების დათვალიერების დიდი სურვილი და მოტივაცია მქონდა. გარკვეულწილად ჩემი მომავალი პროფესიაც სამართლას უკავშირდება და ამის გამოც მაინტერესებდა რა ხდება სასამართლოში. ღონისძიებით კმაყოფილი ვარ. სასამართლოს მუშაობის გაცნობასთან ერთად სასამართლოს თანამშრომლების როლებიც მოვირგეთ და ამან დღევანდელ დღეს მეტი ხიბლი შესძინა,"-ამბობს სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე საბა მანჯგალაძე.

XX

ტური კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებმა სასამართლოს სხდომის მდივნისგან მიიღეს ამომწურვი პასუხები სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ტურის მიზანი ახალგაზრდა თაობაში სასამართლო სისტემის შესახებ ცოდნის გაღრმავებაა.


Print