სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, ქუთაისის ციხიდან 20 პატიმარი კლინიკაში გადაიყვანეს
FaceBook
უფლებადამცველ ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 20 პატიმარი კლინიკა ,,ვივა მედში’’ გადაიყვანეს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია პატიმრების მხრიდან ბუნტის მოწყობის შესახებ, რაც ციხის ადმინისტრაციამ არ დაადასტურა.

ლედი ტუკვაძე პენიტენციურ დაწესებულებაში დილით იმყოფებოდა. მისი თქმით, ხუთ კამერაში პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს. ისინი არასათანადო სამედიცინო მომსახურებას, უხარისხო საკვებს და ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებენ.

ადვოკატის ინფორმაციით, უხარისხო საკვების გამო შიმშილობენ ის პატიმრები, რომლებსაც ციხის მაღაზიაში პროდუქტების შეძენის საშუალება არ აქვთ.

,,ის ადამიანები, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, არ ვიცი დაზიანებული პატიმრები არიან, თუ ისინი, ვისაც სამედიცინო დამხარება სჭირდებოდათ, თუმცა სავალალოა ის ფაქტი, რომ პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს. მაინცდამაინც პროტესტის ასეთი ფორმა უნდა დასჭირდეს ადამიანს, ყურადღება რომ მიაქციონ? ‘’-ამბობს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში პატიმრების პროტესტმა მასშტაბური სახე მიიღოს.

კლინიკა ,,ვივა მედში'' სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მსჯავრდებულების გადაყვანას არ ადასტურებენ. პენიტენციური დაწესებულება კი ამ საკითხთან დაკავშირებით  ჯერ  განცხადება არ გაუკეთებია. 

Print