სამართალი
გამოუძიებელი მკვლელობა ჭიათურაში – “ბრალდებულს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი მფარველობს”
FaceBook
ჭიათურაში მცხოვრები, ცელინა ლაღუნდარიძე პროკურატურას ძმის მკვლელობის საქმის გამოიძიებას სთხოვს. ბიჭიკო ლაღუნდარიძე ჭიათურაში საკუთარ სახლთან ახლოს, 1993 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ცელინა ლაღუნდარძის თქმით, ძმის მკვლელი მისივე მეზობელია (ბადრი ბ.) .
"ადგილი ჰქონდა განზარახ მკველელობას, რომელსაც ჩემივე ძმისშვილი და ერთი მეზობელი შეესწრო. არ ვიცი რა მიზეზით მოკლა. თუმცა, ცხადია, რომ მკვლელობა განზრახ მოხდა", – ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ცელინა ლაღუნდარიძე.
გარდაცვლილის ოჯახმა საქმე წარმოებაში 1993 წელსვე მისცა. თუმცა, როგორც ლაღუნდარიძე ამბობს, მაშინ საქმის წარმოება შეგნებულად შეწყვიტეს. თავად, ეჭვიმატანილი ბადრი ბ. კი იმ დროისათვის ჭიათურიდან დროებით წავიდა.
ბიჭიკო ლაღუნდარიძის მკვლევლობის საქმის წარმოება ოჯახმა მას შემდეგ გააახლა, რაც მკვლელობაში ბრალდებული ჭიათურაში საცხოვრებლად რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა და ოჯახის წევრების განცხადებით, ლაღუნდარიძეების შევიწროება დაიწყო.
ცელინა ლაღუნდარიძე ირწმუნება, რომ ძმის მკვლელობის შემდეგ ოჯახმა სახლის გაყიდვა მოინდომა. თუმცა, მკვლელობაში ბრალდებულის მხრიდან ხელისშეშლა მოხდა.
"პირიქით, აქეთ გვერჩის იმის გამო, რომ საქმის წარმოება დავიწყეთ", – აღნიშნავს ცელინა ლაღუნდარიძე.
მისივე თქმით, მკვლელობის გამოძიება შეგნებულად არ ხდება, რადგან ბადრი ბ. წლების განმავლობაში ნარკორეალიზატორია და მას ოჯახის ახლო ნათესავი, მიხეილ სალაძე მფარველობს, რომელიც წლების წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. დაზარალებულის თქმით, პირად საუბრებში ბადრი ბ. აღიარებს მკლვლელობას და ამბობს, რომ მას იარაღი შემთხვევით გაუვარდა.
ცელინა ლაღუნდარიძე იმასაც ამბობს, რომ პროკურატურაშიც ანალოგიურს ეუბნებიან, რაც ოფიციალურ დოკუმენტებში არსად ჩანს. დაზარალებული გარდა იმისა, რომ მკვლელობის გამოძიებას ითხოვს, ასევე ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ძმა მოუკლეს უკანონო იყო და ესეც, მისივე თქმით, მოსაკვლევია.
ლაღუნდრიძის მკველობის საქმეს ქუთაისის საოლქო პროკურატურის გამომძიებელი, დავით ხამაშურიძე იძიებს.
"საქმის წარმოება წლების განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ის 2013 წელს განახლდა. ამ ეტაპზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. მეტს ვერ გეტყვით, დაველოდოთ გამოძიებას", – განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში, საქმის გამომძიებელი, დავით ხამაშურიძე.
რაც შეეხება, მოწმეებს, დაზარალებული ირწმუნება, რომ მთავარი მოწმე, რომელიც მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა, მისი ძმისსშვილია, რომელიც უკვე ოთხი წელია კონტაქტზე არ გამოდის ოჯახთან და არ ადასტურებს იმას, რომ მისი მამა ბადრი ბ.ა მოკლა.
"ვეჭვობ, მოსყიდული და გაჩუმებული ჰყავთ, რადგან სწორედ, მისი თქმის საფუძველზე აღვძარით საქმე წლების წინ", – ამბობს დაზარაბული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავენ, რომ გამოძიების მიმდინარეობის გამო, ბრალდებულის საკონტაქტო ინფორმაციას ვერ გასცემენ. სამაგიეროდ, სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის 108 მუხლით არის აღზრული, რაც განზრახ მკვლელობას ითვალსიწინებს. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ში კიდევ ერთ განმარტებას უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან ბრალდებულის შესაძლო მფარველობასთან დაკავშირებით აკეთებენ და აცხადებენ, რომ "მიმდინარე საქმეთან დაკავშირებით არავინ არავის არ მფრაველობს".
თეკლე მორგოშია
Print