ახალი ამბები
დღეს, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
FaceBook
დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებას შეეხება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული.

პროცესს დაესწრება მიხეილ სააკაშვილიც.

სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქციაა დაანონსებული.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ყოფილი პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.


Print