ახალი ამბები
ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქუთაისში მცხოვრებ ერაყელ სტუდენტს სასწავლო ბინადრობის ნებართვა შეუწყვიტა.


ერაყელი სტუდენტი, ესამ მუჰსენ ალოანი ოჯახთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუთაისში 2013 წლის 14 ოქტომბრიდან ცხოვრობს. 

ესამ მუჰსენ ალოანი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტია.

"ყოველდღე მხოლოდ სახლიდან უნივერსიტეტში დავდივარ. ახლა მე-2 კურსზე ვსწავლობ არ ვიცი რა ვქნა, ამდენი წლის ნაწვალები წყალში მეყრება"- ამბობს, ერაყელი სტუდენტი ესამ მუჰსენ ალოანი, რომლის საქართველოში ბინადრობის ნებართვას ვადა 28 დეკემბერს გადის. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ესამ მუჰსენ ალოანის სასწავლო ბინადრობის შეწყვეტის საფუძველზე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 14 დეკემბერს მიიღო. როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული" განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ ესამ მუჰსენ ალოანის მიმართ არსებობს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ " საქართველოს კანონის მე-18 მუხლის "ა" და "გ"ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის
ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად: არ დაკმაყოფილდეს 2015 წლის 12 ნოემბრის N 1000453453 განცხადება და ესამ მუჰსენ ალოანს უარი ეთქვას საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

მე-18 მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად დასახელებულია შემდეგი საფუძვლები:

ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;
გ) იგი ახორციელებს საქმიანობას , რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

"ჩემი შვილი და ცოლი ამ ამბის მერე ყოველდღე ტირიან. ქართულიც არ ვიცით ნორმალურად, რომ უარის თქმის მიზეზი გავიგოთ. როდესაც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვაბარეთ ჩვენმა სამინისტრომ გაგვიკეთა ხელმოწერა, რომ უნდა დავასრულოთ 6 სასწავლო კურსი და მხოლოდ ამის შემდეგ გვიღიარებენ ქართულ დიპლომს. მაგრამ გამოდის, რომ 2 წლის ნასწავლი წყალში მეყრება" - ამბობს ესამ მუჰსენ ალოანი.

ესამ მუჰსენ ალოანის მეგობრები, რომლებიც ასევე ერაყელი სტუდენტები არიან და წერეთლის უნივერსიტეტში სწავლობენ, ვარაუდობენ, რომ ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო დაახლოებით 1 თვის წინ მათი საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტთან" გაკეთებული განცხადება. ვიდეომიმართვაში ისინი ერთხმად გმობენ პარიზში მომხდარ ტერაქტს. ამასთანავე, გულისწყვეტით აღნიშნავენ, რომ მათ ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმები თითქმის ყოველდღე ხდება, მაგრამ ამაზე ხმას არავინ იღებს.

ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტები შიშობენ, ისინიც ესამ მუჰსენ ალოანის ბედს გაიზიარებენ. სტუდენტების თქმით, შესაძლოა ნებართვის გასაგრძელებლად განცხადების შეტანის შემდეგ მათაც უარი უთხრან.

ერაყელი სტუდენტები დახმარებას ითხოვენ, რათა მიეცეთ სწავლის გაგრძელების უფლება.
Print