სამართალი
ქუთაისის მერია VS კომპანია - რა ეკისრება ტენდერში გამარჯვებულს
FaceBook
ქუთაისის მერია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში კომპანია "ფაუნა 2007"-ს  ედავება. კომპანიას ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 000 ლარის გადახდა ეკისრება, თუმცა ფირმის მფლობელები აღნიშნული თანხის გადახდას არ აპირებენ და მის გაკოტრებაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ადანაშაულებენ.
2013 წლის 10 იანვარს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ქუთაისში მწვანე საფარის მოვლა-პატრონობასა და ექსპლოატაციის მომსახურებას ითვალისწინებდა, გამარჯვებულად შპს "ფაუნა-2007" გამოვლინდა. ტენდერის საწყისი ღირებულება 300 000 ლარს შეადგენდა, თუმცა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაში 209 920 ლარი მოითხოვა.
მერიასა და ფირმას შორის გაფორემებულ სატენდერო დოკუმენტაციას ხელს ქალაქის მაშინდელი მერის მოვალეობის შემსრულებელი ამირან ძოწენიძე (წერილი #01-01-21/215, 04.02.2013 წ.), ხოლო შემდეგ ქუთაისის მერი, ბესიკ ბრეგაძე აწერენ. (წერილი #01-01-21/270, 11.02.2013წ.)
კომპანიის წარმომადგენელი ზურაბ ბაზიარი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ფირმის საქმიანობის ხელოვნურად შეჩერებაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, მერიამ კომპანიას 3 თვის თანხა არ ჩაურიცხა, რის გამოც სამუშაოების დროული შესრულება ვერ მოხერხდა.
"წამართვეს მოგებული ტენდერი და ხელოვნურად შემიქმნეს პირობები, რომ ფირმა გამეჩერებინა," - აცხადებს ზურაბ ბაზიარი.
ქუთაისის იმდროინდელი მერი და ამჟამად საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან",  ბესიკ ბრეგაძე "ფაუნა 2007"-თან დადებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას არ უარყოს. თუმცა, ბრეგაძე ამბობს, რომ ფირმის შემდგომი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
"ხელი მაქვს მოწერილი ორგანიზაციასთან ხელშეკრულებაზე, მაგრამ ამის შემდეგ რა მოხდა, ვინ არ განახორციელა გადარიცხვა, პასუხს ვერ გაგცემთ. იმ დროს ფიზიკურად უკვე აღარ ვიქნებოდი ჩართული, რადგან აპრილის თვეში ქალაქის მერი აღარ ვიყავი," - აცხადებს ბესიკ ბრეგაძე.
ქუთაისის მერიამ შპს "ფაუნა 2007"-თან ხელშეკრულება 2013 წლის ივლისში გაწყვიტა. ქალაქის მერის მოვალეობას იმ დროისთვის უკვე თენგიზ თოფურიძე ასრულებდა. კომპანიის წარმომადგენელი  ზურაბ ბაზიარი ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ხელშეკრულების შესაწყვეტად ოქმები არ გააჩნდა.
ქალაქის მწვანე საფარის მოუწესრიგებლობის და გაზონების მოუვლელობის გამო "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პასუხისმგებლობა კონურსის გზით შერჩეულ ქუთაისის მერს, დიმიტრი კოპალიანს დააკსირეს.
მოგვიანებით, დავამ ქუთაისის მერიასა და შპს "ფაუნა 2007"-ს შორის სასამართლოში გადაინაცვლა. პროცესი მერიის სასარგებლოდ დასრულდა. კომპანიას 100 000 ლარის გადახდა ეკისრება. ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე განმარტავს, რომ თანხის ნაწილი კომპანიამ გადაიხადა, ნაწილის კი სააღსრულებო ბიუროს გადაეგზავნა.
"ფაუნა 2007"-ის წარმომადგენლის ზურაბ ბაზიარის თქმით, კომპანიამ აღნიშნული დავის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა. შესაბამისად, ფირმის წარმომადგენლები თანხის გადახდას არ აპირებენ და საქმის შემდგომი განხილვისთვის პროკურატურას მიმართავენ.
დეა მანაგაძე
Print