ახალი ამბები
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის საქმეზე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
FaceBook

სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე დაკავებულ ნუგზარ  მარკოიძეს,  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 20 000 ლარიანი  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრა.


სასამართლო  შპს „ელენიკოს“ ხელმძღვანელის  საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა.


პროცესზე მოწმის სახით საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი დაიკითხა.  ბრალდებულის ადვოკატი, გივი შენგელია დაინტერესდა, ვის მიჰქონდა ხორცი  ააიპ "ბაღების გაერთიანებაში"  და იყო თუ  არა პროდუქტის უშუალო მიმწოდებელი ბრალდებული. გამომძიებლის თქმით,  დაწესებულებაში  ხორცის მიტანა  შპს „ელენიკოს“ მძღოლს ევალებოდა. ამის შემდეგ დაცვის მხარე შეეცადა მძღოლის მიერ ხორცის მიზანმიმართულად შესაძლო შეცვლის ალბათობის ვერსია განევითარებია. ადვოკატმა მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელს ჰკითხა, შეძლებდა თუ არა მძღოლი მანქანაში ჩატვირთული ხორცის სხვა,მაგალითად ცხენის ხორცით შეცვლას, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ საქმეში მსგავსი ფაქტობრივი გარემოება არ გამოკვეთილა.


საბოლოოდ, ადვოკატის ეს მცდელობა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარის თქმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.


მოსამართლემ, ირაკლი მარგველაშვილმა განმარტა, რომ მარკოიძის მიმალვის საფრთხე  მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან მას არც დაკავებამდე უცდია მიმალვა და დაკითხვაზეც დაბარებისთანავე გამოცხადდა, თუმცა,  არსებობს მტკიცებულებების გაყალბებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რის გამოც იგი პატიმრობაში უნდა დარჩეს.


„ძალიან ბევრი შეკითხვა დაისვა დღეს მძღოლზე და ეს გარკვეულწილად ზრდის იმის ალბათობას, რომ   მოხდეს ზეწოლა მოწმეებზე სასურველი  ჩვენების მიცემის და საბოლოოდ,  პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით“,- განაცხადა მოსამართლემ პროცესზე.


დაცვის მხარის მიერ მძღოლზე აქცენტის გადატანაზე განმარტება გააკეთა საქმის პროკურორმაც. მისი თქმით, მძღოლს ხორცი დახარისხებულ და შეფუთულ მდგომარეობაში გადაეცემოდა, რაც უშუალოდ ნუგზარ მარკოიძის ზედამხედველობის ქვეშ და მისი  მონაწილეობით ხდებოდა.




ამავე თემაზე:

ბაღების ცხენის ხორცით მომარაგების საქმეზე ბრალდებული თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს

სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
პროცესი გაიმართება

სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის შეტანისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

სამტრედიის ბაღებში აღსაზრდელებს ცხენისა და ვირის ხორცს აჭმევდნენ



 

Print