სამართალი
შსს სტატისტიკა - ქუთაისში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დევნა 9 პირის მიმართ დაიწყო
FaceBook
მიმდინარე წელს ქუთაისში სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით სამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ დაიწყო.

სსკ აღნიშნული მუხლით, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ეხება, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სამართლებრივი დევნა 2015 წელს 59 პირის მიმართაა დაწყებული.
აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები "ქუთაისისპოსტს"  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკლური დეპარტამენტიდან მოაწოდეს. დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მონაცემები 2015 წლის იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
რაც შეეხება გასულ წელს, სსკ იგივე მუხლით ქუთაისში სამართლებრივი დევნა 16 პირის, ხოლო მთლიანად იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 78 პირის  მიმართ განხორციელდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოში იარაღის მოხმარება, შენახვა-შეძენას იარაღის შესახებ კანონი არეგულირებს, რომელიც 2003 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს.
საქართველოს კანონმდებლობით იარაღის შეძენა 18 წლამდე პირებისთვის აკრძალულია. იარაღის დარეგისტრირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ხდება.

დეა მანაგაძე

Print