სამართალი
ინცინდენტი რესტორანში - ნაცემი პოლიციელი და მოჩხუბარი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
FaceBook
სადღესასწაულო სუფრა რესტორან "წინა ველში", სადაც ბაღდათის საკრებულოს წევრები ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ, ჩხუბით დასრულდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ გიორგიძე ჯერ კოლეგებს ეჩხუბა, ბოლოს კი მათ გასაშველებლად მისულ მოქალაქეს გრაფინი ჩაარტყა. დაზარალებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნოდარ გიორგიძე სამსახურში არ იყოფებოდა. ბაღდათის საკრებულოში განგვიცხადეს, რომ ის ექიმთან იყო. ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

შსს-მ რესტორან "წინა ველში" მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრება ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, გამოძიების დასრულებამდე უცნობია. კანონმდებლობა კი ამ დანაშაულისთვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რას ამბობენ რესტორანში

8 მარტს რესტორან  "წინა ველში" რამდენიმე სადღესასწაულო შეკვეთა მიიღეს. ერთ-ერთი იყო ბაღდათის საკრებულოს წევრების  შეკვეთაც, რომლებიც მეუღლეებთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ. რესტორანში გვითხრეს, რომ სუფრა 30 პერსონაზე იყო გაშლილი.

სტუმრებს იმ დღეს მიმტანი შალვა ბურჯანაძე ემსახურებოდა. მისი თქმით, ხმაური და შელაპარაკება მაშინ მოხდა, როდესაც სუფრა თითქმის ცარიელი იყო. თუმცა, ის ამტკიცებს, რომ შელაპარაკების მიზეზი მისთვის უცნობია და არც ის იცის, ვისთან მოუვიდა კამათი ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს.

"არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, ხმაური გავიგონე და დეტალები არ ვიცი. გვიანი იყო, სტუმრები მიდიოდნენ უკვე," - გვიყვება შალვა ბურჯანაძე.
საქმის დეტალები არ იცის არც მეორე მიმტანმა, რომელიც იმ დღეს რესტორნის სტუმრებს ემსახურებოდა.

"ძირითადად, გარეთ კუპეებს ვემსახურებოდი. ვიცი, რომ დარბაზში რამოდენიმე სუფრა იყო. რომ გამოვედი, ხმაური და ჩოჩქოლი იყო ეზოში. თუმცა, ჩხუბი და გაწევ-გამოწევა არ იყო. ამ დროს შემოვედი შიგნით და გარეთ აღარ გავსულვარ, რადგან ეს გვეკრძალება," - ამბობს მაკა ჭარხალაშვილი.

რესტორნის თანამშრომლების თქმით, ჩხუბის შედეგად მხოლოდ ერთი ჭიქა და თეფში გატყდა, ამის შესახებ კი მათ პოლიციისგან შეიტყვეს. ორივე მიმტანი სამართალდამცავებმა უკვე დაკითხა. ისინი ამტკიცებენ, რომ დაკითხვის დროსაც იგივე განაცხადეს, რაც ჩვენთან საუბრისას.

რესტორან "წინა ველში" ზუსტად ვერ აკონკრეტებენ ვინ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ამას არც მიმდებარე ბენზინგასამართი სადგურის სადღეღამისო მარკეტში ამბობენ. თუმცა, მაღაზიის თანამშრომელი ადასტურებს, რომ მან პატრულის ეკიპაჟთან ერთად, სასწრაფო დახმარების მანქანაც შენიშნა.

რას ამბობენ ბაღდათის საკრებულოში

"წინა ველში" მომხდარის შესახებ განმარტებებს არ აკეთებენ სადღესასწაულო სუფრის წევრებიც. საუბარი არ ისურვა ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარემაც. შალვა მშვილდაძემ მიზეზად ის დაასახელა, რომ 8 მარტს, ქალაქის მერთან ერთად, მივლინებაში იმყოფებოდა.

საკრებულოს თავმჯდომარის მდივანმა, მარიკა ჩიქვინიძემ კი გაგვიცხადა, რომ სადღესასწაულო სუფრა ადრე დატოვა და შესაბამისად, სხვა დეტალები მისთვის უცნობია. თუმცა, მისივე თქმით, კამათი იმ დროს მოხდა, როდესაც სუფრასთან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო შემორჩენილი, მათი ვინაობა კი ვერ დაგვისახელა. მარიკა ჩიქვინიძემ ვერც საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ჩხუბის მიზეზზე ისაუბრა.

ნოდარ გიორგიძე ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნად მუშაობდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გახლდათ მისი ნათესავი, დავით ახალბედაშვილი, რომელიც ამჟამად მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გახლავთ.

ნოდარ გიორგიძის მეუღლე კი დღემდე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივნის პოზიციაზე მუშაობს.

დაზარალებული

რაცა შეეხება, პიროვნებას, რომელსაც ბაღდათის საკრებულოს მოადგილემ ჩხუბის დროს გრაფინი ჩაარტყა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შოთა გეგეშიძეა. ის დაცვის პოლიციაში მუშაობს. მომხდარ ინციდენტზე დაზარალებული არ საუბრობს. თუმცა, მისი მამის, ვალერი გეგეშიძის ინფორმაციით, 8 მარტს შოთა გეგეშიძე, ბიძაშვილებთან ერთად, რესტორან "წინა ველში" ახლადშერთული მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავდა.

"რა მოხდა არ ვიცი. თვითონაც მის ბიძაშვილებს ეკითხებოდა რა მოხდაო," - ამბობს ვალერი გეგეშიძე ჩვენთან საუბარში.

მისივე ინფორმაციით, შოთამ თავის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოდან იმ ღამესვე გაეწერა.

დაცვის პოლიციის პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ შოთა გეგეშიძე სამსახურებრივ მოვალეობას მომხდარი ინციდენტიდან მეოთხე დღეს შეუდგა.
სამართალდამცავები.
***
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რესტორან "წინა ველში" მომხდარზე გამოძიება სსკ 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. საქმეს თავდაპირველად თერჯოლის პოლიცია იძიებდა, თუმცა მოგვიანებით ის იმერეთის სამხარეო პოლიციამ გადაიბარა. თუ რატომ მოხდა საქმის გადატანა სამხარეო პოლიციაში, შსს-ში აცხადებენ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
Print