სამართალი
ფილიპიას ბენზინგასამართი სადგურის საქმეზე სასამართლო დავა განახლდა
FaceBook
ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის საქმეზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დავა განახლდა.
მოქალაქე დალი ბარაბაძე, ქუთაისის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვს, თუმცა, ობიექტი უკვე ექსპლოატაციაშია შესული.

მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განაცხადა, რომ ფილიპია არ დაემორჩილა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას ობიექტის მშენებლობა უნდა შეეჩერებინა და სამუშაოებს მაინც ახორციელებდა. გარდა ამისა, ბარაბაძე ირწმუნება, რომ ობიექტზე მშენებლობის ნებართვის გაცემის მომენტში, ადგილი, სადაც ფილიპიამ ბენზინგასამართი სადგური ააშენა, მეორე, საცხოვრებელი ზონა იყო. მოგვიანებით კი, ქუთაისის მერიამ ზონები შეცვალა და მშენებლობის ადგილი ფილიპიას სურვილს მოარგო. დალი ბარაბაძე ამბობს, რომ ობიექტი მოსახლეობასთან ახლოს მდებარეობს და აფეთქების შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

"ყველა  მოატყუეს,  რომ თითქოს მესამე ზონა იყო. სინამდვილეში ეს ხდებოდა მეორე ზონაში. გვაქვს ჩვენ ასეთი შემთხვევა, როცა აფეთქება მოხდა და  შესაძლოა, იგივე განმეორდეს", - განაცხადა სხდომაზე დალი ბარაბაძემ.

დაცვის მხარე საქმეს სამართლებრივად უპერსპექტივოდ მიიჩნევს. ფილიპიას ადვოკატის, არჩილ ნიჟარაძის თქმით, შუძლებელია სასამართლომ წინასწარ იმსჯელოს ზიანზე, მაშინ, როცა ეს ზიანი შესაძლოა საერთოდ არ დადგეს. რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას მშენებლობის ნებართვის გაუქმებაზე, მისი თქმით, სასამართლომ მოთხოვნა რომც დააკმაყოფილოს, მხარეს ექსპლოატაციის შესახებ ოქმი აქვს, რომელიც არავითარ ეჭვს არ იწვევს.

"ამ საქმეს არ აქვს არავითარი პერსპექტივა, რადგან ობიექტი უკვე ფუნქციონირებს. მოსარჩელე რეალურად ითხოვს დასრულებული მშენებლობის შეჩერებას",-განაცხადა სხდომაზე  არჩილ ნიჟარაძემ.

პროცესზე დაცვამ საქმის შეწყვეტა მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ საქმის განხილვის ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა, მიადგა თუ არა რაიმე სახის ზიანი დალი ბარაბაძეს.

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციებს საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ნატო ქათამაძეც შეუერთდა, რომელიც აცხადებდა, რომ ქუთაისის მერიამ ქალაქის ზონები სპეციალურად ზურაბ ფილიპიასთვის შეცვალა.

ნატო ქათამაძემ მოსახლეობასთან ერთად სარჩელი სასამართლოშიც შეიტანა, რის შემდეგაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მშენებლობა შეაჩერა, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფილიპიას ადვოკატმა სააპელაციოში გაასაჩივრა და საქმე მოიგო.

ამის მიუხედავად, დალი ბარაბაძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა და საქმე თავიდან დაიწყო.


ამავე თემაზე:

"ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ადგილი სხვა რუკით გასაჩივრდა" - შოთა მურღულია


"საფრთხეში ვართ" - ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის გამო მოსახლეობამ შესაძლოა სასამართლოს მიმართოს

ქუთაისში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა
Print