სამართალი
ირაკლი მერკვილაძის საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
FaceBook
ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარი ექიმის, ირაკლი მერკვილაძის საქმეზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა.
ბრალდებულის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

ალექსანდრე თათელიშვილი პირველი ინსტანციის განაჩენს უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს უწოდებს. მისი თქმით, სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი პოზიცია არ გაითვალისწინა.

ირაკლი მერკვილაძეს უკანონო პატიმრად მიიჩნევს ამავე კლინიკის მეან-გინეკოლოგი და ბრალდებულის მეუღლე, ეკა ჩინჩალაძე, რომელიც სამშობიაროში იმ დროსაც მუშაობდა, როცა ირაკლი მერკვილაძემ 22 წლის ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთა ჩაუტარა.

ეკა ჩინჩალაძის თქმით, პაციენტის გარდაცვალებაში ირაკლი მერკვილაძეს ბრალი არ მუძღვის, რადგან, მატინოვამ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.

"ირაკლი არის უკანონო პატიმარი და ეს არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და პირადად მოსამართლის სირცხვილი. როგორ უნდა დაეკავებინა ირაკლის მატინოვა კლინიკაში, როცა პაციენტი გაიპარა სტაციონარიდან, ამ დროს კი ირაკლი ექიმი სხვა პაციენტს უტარებდა ოპერაციას და მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა", - ამბობს ეკა ჩინჩალაძე.

ვიოლეტა მატინოვას დედა სამშობიაროს მთავარ ექიმს მისი შვილის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს. ალა მატინოვა, ასევე, ამბობს, რომ მერკვილაძის მეუღლემ მასთან საუბარში აღიარა, რომ მისი შვილის გარდაცვალებაში ბრალდებულია დამნაშავე და იქვე გარდაცვლილის  ბავშვის მონათვლა შესთავაზა.  

ეკა ჩინჩალაძე არც მატინოვასთან საუბარს და არც ბვშვის მონათვლის შეთავაზებას უარყოფს. თუმცა, ამბობს, რომ ეს იმიტომ არ გაუკეთებია, რომ მომხდარში მისი მეუღლის ბრალეულობას ხედავდა.

"მატინოვას დედა ამბობს, რომ მე მივედი პანაშვიდზე და ვაღიარე ირაკლის  დანაშაული, მაგრამ ეს ასე არ არის. ბავშვის მონათვლა მხოლოდ იმიტომ
შევთავაზე, რომ ბავშვს დავხმარებოდი როგორც შემეძლებოდა, რადგან  ეს ტრაგედია იყო არამხოლოდ მატინოვების, არამდე ჩვენი ოჯახისთვისაც",-ამბობს ეკა ჩინჩალაძე. 

ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარმა ექიმმა, ირაკლი მერკვილაძემ, 22 წლის ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთა 2013 წელს ჩაუატარა. გოგონა ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ირაკლი მერკვილაძე 2018 წლის  26 იანვარს, სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას  ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.


ამავე თემაზე:


ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

"შეწყვიტონ სმს-ების წერა"- რას ჰყვება საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილის დედა
საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული გოგონა და დაპატიმრებული ექიმი

ირაკლი მერკვილაძის დაკავებას ექიმები აპროტესტებენ

Print