სამართალი
ერთი თვის განმავლობაში შსს-მ ქუთაისში 3 921 მძღოლი დააჯარიმა
FaceBook
ე.წ "ჭკვიანი კამერების" დამონტაჟებიდან ერთი თვის განმავლობაში, ქუთაისში ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დაუცველობისთვის დაჯარიმდა.

ამ და სხვა დარღვევების შესახებ ინფორმაცია ქუთაისიპოსტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

უწყების მონაცემები 2017 წლის 1 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

შსს სტატისტიკის თანახმად, დგომა-გაჩერების წესების მოთხოვნის დაუცველობისთვის ქუთაისში 1 704 მძღოლი დაჯარიმდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით ეს დარღვევა 10 ლარით დაჯარიმებას იწვევს.

815 მძღოლი დაჯარიმდა გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევისთვის, რისთისაც 50 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

ამავე პერიოდში საგზაო მოძრაობის შეფერხებისთვის 687 მძღოლი დაჯარიმდა, რაც 20 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ერთი თვის განმავლობაში, ქვეითების მიმართ საგზაო მოძრაობის წესები სატრანსპორტო საშუალებების 367-მა მფლობელმა დაარღვია. ეს კი პირს 40 ლარით აჯარიმებს.

შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის გამო, რისთვისაც 50 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, 130 მძღოლი დაჯარიმდა. მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის კი 90 მძღოლი. თოთოეული მათგანი 40 ლარით დაჯრიმდა.

სატრანსპორტო საშუალებების 33-მა მფლობელმა გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, რაც 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს.

შსს მონაცემებით, საავარიო ვითარების შექმნისთვის ქუთაისში მხოლოდ 1 პირი, საცობის შექმნისთვის კი 3 პირი დაჯარიმდა. ორივე დარღვევა 200 ლარიან საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.




Print