სამართალი
წყალტუბოში მოკლული მოზარდის ახლობლები ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ
FaceBook
წყალტუბოში მოკლული 17 წლის, თორნიკე ბაღაშვილის ოჯახის წევრები, მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ.
მათი თქმით, ბრალდებულ ი.ტ. რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ყოფილ თანაკლასელს, გულის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, მისი ოჯახის წევრებმა კი,  სოფელი უნდა დატოვონ.

"წლები გავა და ის ციხიდან გამოვა. რაც უნდა მიუსაჯონ, ეს ჩვენთვის შვება ვერ იქნება. კიდევ დაგვრჩა შვილები და შვილიშვილები და უკვე გვეშინია რამე უბედურება არ მოხდეს. მოვითხოვთ, წავიდნენ ამ სოფლიდან", - ამბობს მოკლულის ბებია.

ოჯახის წევრებს ბრალდებულსა და მოკლულს შორის კონფლიქტის არსებობაზე ინფორმაცია არ აქვთ. თუმცა, ამბობენ, რომ ი.ტ.-ს უარყოფითი რეპუტაცია ჰქონდა. მათივე თქმით, შემთხვევამდე ორი დღით ადრე, ი.ტ. გარდაცვლილს სატელოფონო შტყობინებებს უგზავნიდა და დაჟინებით სთხოვდა შეხვედრას. ოჯახის წევრებმა ამის შესახებ მკვლელობამდე არაფერი იცოდნენ.

"ჩვენთვის არ უთქვამს. მერე ვნახეთ სმს-ები. ტელეფონი მოუპარია ამ ბიჭს ვიღაც გოგოსთვის და თორნიკეს აბრალებდა, შენ უთხარი იმ გოგოს ჩემი მისამართი და რატომ მომიგზავნე სახლშიო. შეურაცხმყოფელ სმს-ებს წერდა და შეხვედრას სთხოვდა", - ამბობს გარდაცვლილის ბებია.

ბრალდებული და გარდაცვლილი თანასოფლელები იყვნენ და წლების განმავლობაში ერთ კლასში სწავლობდნენ. მოკლული თორნიკე ბაღაშვილი ოფშკვითის საჯარო სკოლის მე-12-ე კლასის მოსწავლე იყო. ბრალდებულმა იგივე სკოლა მე-11-ე კლასის დასრულებამდე  დატოვა და ძმასთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, სადაც დისტრიბუტორად მუშაობდა.

ოფშკვითის სკოლის დირექტორი და პედაგოგები მკვლელობის შესაძლო მიზეზებზე ვერ საუბრობენ და ამბობენ, რომ კლასელებს შორის კონფლიქტი არასდროს მომხდარა.



ბრალდებულ ი.ტ.-ს ბებიას, ფოთოლა ტორაძეს, მისი შვილიშვილის მიერ კლასელის მოკვლის ვერსიის ბოლომდე არ სჯერა და ამბობს, რომ ურჩევნია გამოძიების დასრულებას დაელოდოს.

"არ ვიცი რა მოხდა. ერთად გაზრდილები იყვნენ, ერთ კლასში სწავლობდნენ, როგორ მოკლავდა მის თანაკლასელს? დაველოდოთ გამოძიებას, ყველაფერი მალე გაირკვევა და თუ ჩემი შვილიშვილი დამნაშავეა, დაისაჯოს",  - ამბობს ფოთოლა ტორაძე.

17 წლის თორნიკე ბაღაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ი.ტ.-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Print