ახალი ამბები
"ხელშეკრულებას შევწყვეტთ" - ბაღების გაერთიანება ქუთაისის ბაღებში შექმნილ კვების პრობლემაზე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის საბავშვო ბაღებს დღეს, 24 ოქტობერს საკვები არ შეიტანეს - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში - ბაღებში, დღეს საკვები არ შეიტანეს და ბავშვები მშიერები არიან", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრის გია უკლებას მიერ გავრცელებულ საკუთარ სოციალურ გვერდზე.

ის ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მას ამ პრობლემით ქუთაისის N31-ე საბავშვო ბაღიდან დაუკავშირდნენ.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნანა ლორთქიფანიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კვების პრობლემა ქუთაისის არცერთ საბავშვო ბაღში არ შექმნილა. თუმცა, განმარტავს, რომ ინდმეწარმე რომელიც პასუხისმგებელი იყო საკვებით მომარაგებაზე ხელშეკრულებით გათვალსიწინებული
პირობები დაარღვია.

"აღსაზრდელებს კვების პრობლემა, რა თქმა უნდა, არ შექმნიათ. ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის ჩვენ გვაქვს საჭირო მარაგი. რაც შეეხება, მომწოდებლის შეფერხებას, პროდუქტების შესყიდვა, ელექტრონული ტენდერის საშუალებით ხორციელდება და ნებისმიერი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევა, შესაბამის სანქციას ითვალისწინებს,"- ამბობს ნანა ლორთქიფანიძე.

ჩვენ, ქუთაისის N31-ე საბავშვო ბაღსაც მივაკითხეთ, სადაც ფილიალის დირექტორს და მზარეულს გავესაუბრეთ.

ვერმიშელის ფაფა, პეჩენია, წვნიანი გუფთით, პური, კამფეტები, ფუნთუშა და მაწონი - დირექტორის თქმით, ეს მენიუს ჩამონათვალია, რომლითაც დღეს ამავე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გაუმასპინძლდნენ.


ხორცის პროდუქტები ქუთაისის N31 ბაღში

"მართალია, კომპანიამ ვერ მოგვაწოდა დროულად საკვები, თუმცა, ბაღს აქვს ამ კვირის მარაგი და ამიტომ ბაღში კვების პრობლემა არ შექმნილა და ეს დეზინფორმაციაა," - განგვიმარტა N 31-ე საბავშვო ბაღის დირექტორმა, ქეთევან ჩაჩუამ.

გაერთიანების იურისტი, რამაზ იობიძე ამბობს, რომ ინდმეწარმე, რომელმაც საკვების შეტამა დააგვიანა, ქალაქში არსებულ 37-ე საბავშვო ბაღს ბურღულეულით ამარაგებს.

"მიწოდების პრობლემაზე გაფრთხილება არაერთხელ მიეცა ინდ. მეწარმეს, თუმცა, იგივე სიტუაცია რამდენჯერმე განმეორდა. ამიტომ მასთან ხელშეკრულებას შევწყვეტთ. ამაზე ახლა ვმუშაობთ და როგორც კი შესყიდვების სააგენტოდან დასტური მოგვივა, ახალ შესყიდვას გამოვაცხადებთ და მას სხვა კომპანია ჩაანაცვლებს," - ამბობს იობიძე.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროცედურებს, სავარაუდოდ 3 დღე დასჭირდება.

გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კი, საბავშვო ბაღებს ბურღულეულით კვების რეჟიმი არ დაერღვევათ, რადგან დაწესებულებაში საკმარისი მარაგია მობილიზებული.

რატომ ვერ მოახრეხა ინდ.მეწარმემ ბაღებში საკვების დროული შეტანა და შენიშვნების გათვალისწინება ამ საკითხზე ქუთაისიპოსტი მუშაობას აგრძელებს.

Print