პოლიტიკა
არჩევნებიდან არჩევნებამდე - ცვლილებები კანონსა და ციფრებში
FaceBook
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმერეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მოსახლეობა ერთის ნაცვლად რამდენიმე მაჟორიტარს, გამგებლის ნაცვლად კი ქალაქის მერს აირჩევს. საკანონმდებლო ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის 29 ივნისს შევიდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, ახალი რეგულაციის შედეგად საკრებულოები მაქსიმალურად წარმომადგენლობითი იქნება, საზოგადოება კი უფრო მეტად ჩაერთვება მათ საქმიანობაში. საკანონდებლო ცვლილებებს ოპოზიციისა და არასამთავარობო სექტორის მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა.

მაგალითად, თუ აქამდე იმერეთში მუნიციპალიტეტებს ადმინისტრაციულ ცენტრებს საკრებულოში ერთი მაჟორიტარი ჰყავდათ, მორიგი არჩევნების შემდეგ საკრებულოებში მათი რიცხვი გაიზრდება. მაგალითად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო 34 წევრისგან შედგება. აქედან, 19 მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციული წესითაა არჩეული. 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თერჯოლის თემის 19 მაჟორიტარს დაემატება ერთი, რომელსაც ქალაქ თერჯოლის მოსახლეობა აირჩევს. შესაბამისად, თერჯოლის საკრებულო 35 წევრისგან დაკომლექტდება.

ეს ცვლილება იმერეთის რეგიონში მხოლოდ 3 მუნიციპალიტეტს არ შეეხო. ესენია ვანი და ხარაგაული. ასევე, არ იზრდება მაჟორიტარების რიცხვი ქალაქ ქუთაისში, სადაც მოსახლეობა ისევ 10 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.

რამდენი მაჟორიტარი ეყოლება სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებს იმერეთში, ნახეთ სლაიდზე:




"საარჩევნო კოდექსში" შესული ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი, პარლამენტის დეპუტატი, მერაბ ქვარაია განმარტავს, რომ ამის მიზეზი 2017 წელს მიმდინარე თვითმართველობის რეფორმაა, რომლის საფუძველზე თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შემცირდა. მისივე თქმით, ცვლილებების შედეგად, საკრებულოები უფრო წარმომადგენლობითი გახდებიან, ადგილობრივ ხელისუფლებას კი საშუალება ექნება საზოგადოების პრობლემებზე რეაგირება მყისიერად მოახდინოს.

"გაერთიანებული პროცესის კვალდაკვალ მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ქალაქებს, რომლებიც ერთიანდებოდნენ მაჟორიტარული ოლქები შენარჩუნებოდათ. პარალელურად, დადგა დღის წესრიგში ის, რომ სხვა ქალაქებშიც ანალოგიური სიტუაცია ყოფილიყო," - განმარტავს მერაბ ქვარაია.

პარტია "ევროპული საქართველოს" წევრს და ხონის მერობის კანდიდატს, აკაკი ბობოხიძეს მიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ცენტრებში მაჟორიტარების ზრდის ფონზე, მუნიციპალიტეტების სოფლებს ხელისუფლებამ მხარი მაქსიმალურად უნდა დაუჭიროს, რათა მათ შეძლონ ფუნქციონირება.
"ნებისმიერ თემს უნდა ჰყავდეს წარმომადგენლობა საკრებულოში. ხელისუფლება წავიდა მეორე გზით, რომ მსხვილ ოლქებს ჰყავდეს ერთზე მეტი წარმომადგენელი. "ქართულ ოცნებას" აქვს უმრავლესობა პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ მიხვდება არ შეიძლება ყველაფრის მხოლოდ საკუთარ თავზე მორგება და მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება რაიონის მოსახლეობის ინტერესები," - განმარტავს აკაკი ბობოხიძე.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება უარყოფითად შეაფასა სამოქალაქო სექტორმა. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ცვლილება ქალაქების განვითარებას და მუნიციპალიტეტების გაერთიენების შედეგად გაუქმებული წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების კომპენსირებას ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, NGO სექტორს მიაჩნია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემოღება ფრაგმენტულად და ფართო საზოგადოების ჩართულობის გარეშე განხორციელდა.

"რადგან უქმდებოდა თვითმმართველი ქალაქი და შემოდიოდა ამგვარი კვოტა, თავიდანვე ვემხრობოდით იმ საკითხს, რომ არ უნდა მომხდარიყო თვითმმართველი ქალაქების გაუქმება," - განმარტავს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი სანტურიანი.
ცვლილებები შეეხო არა საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომების გაშუქებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადებსაც. კერძოდ, შესაძლებელი ხდება საარჩევნო ადმინისტრაციამ საჯარო ინფორმაცია, ორი დღის ნაცვლად, ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში, 10 დღეში გასცეს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" განმარტავენ, რომ ვადის გახანგრძლივება მედიისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს პრობლემას შეუქმნის.

"როდესაც საარჩევნო პერიოდში მოკლე ვადებთან გვაქვს საქმე და რიგი საკითხები მოკლე საარჩევნო დავებით საჩივრდება მნიშვნელოვანია საარჩევნო დოკუმენტაცია დროულად იქნეს ხელმისაწვდომი, რომ მხარეებმა მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოსა თუ საარჩევნო ადმინისტრაციაში დროულად შეძლონ," - აღნიშნავს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი, ირმა პავლიაშვილი.

ის, ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც არასაარჩევნო პერიოდში მედიისთვის საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრება და გადაღება ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება. ირმა პავლიაშვილი განმარტავს, რომ საარჩევნო კომისიების საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, აუცილებელია სხდომა საჯარო იყოს.

"როდესაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილია, რომ კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომა საჯაროა, დამატებითი შეზღუდვების შემოღება წინააღმდეგობაში მოდის კანონთან," - აღნიშნავს ირმა პავლიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ცვლილებები საკანონმდებლო სფეროს გარდა, ამომრჩეველთა რაოდენობასაც შეეხო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წელს ამომრჩეველთა რაოდენობა მხოლოდ ქუთაისში გაიზარდა, იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში კი შემცირდა. მაგალითად, თუ წინა არჩევნებზე ტყიბულში 23 184 ამომრჩეველი იყო, მიმდინარე წელს მათი რიცხვი 1 040-ით შემცირდა. ქუთაისში კი 343-ით გაიზარდა და 153 880 გახდა.

იმერეთის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2014 წლის და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იხილეთ სლაიდზე:

ამომრჩეველთა რაოდენობა იმერეთის მუნიციპალიტეტებში
Infogram

რატომ შემცირდა ამომრჩეველთა რაოდენობა იმერეთის მუნიციპალიტეტებში, ამ საკითხზე კომენტარს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი, ანა მიქელაძე აკეთებს. მისი თქმით, სიის ფორმირება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებულ მონაცემებს ეფუძნება.

"ბოლო სია ცესკოს გადმოეცა მიმდინარე წლის 15 ივნისს. ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. მათ შორის, რეგისტრირებული პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიებისთვის. ბუნებრივია, ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს ისეთი პროცესების მიზეზით, როგორიცაა შობადობა და სიკვდილიანობა, გარდა ამისა არსებობს სხვა მიზეზებიც, მაგალითად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სახლის გაყიდვა და სხვა," - აღნიშნავს ცესკოს პრეს-სპიკერი, ანა მიქელაძე.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივარი არც ერთხელ დაფიქსირებულა.
Print