პოლიტიკა
"ხელმძღვანელობამ დაგვავალა" - "ოცნების" კანდიდატების წარდგენაზე ხალხი საქალაქო ტრანსპორტით მიიყვანეს
FaceBook

"ქართული ოცნების" იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდტების წარადგენაზე დასასწრებად ქუთაისში მოქალაქეები რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს.


ისინი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით ვანიდან, ბაღდათიდან, სამტრედიიდან, ზესტაფონიდან და წყალტუბოდან ჩამოვიდნენ.

მუნიციპალიტეტების მსგავსად, "ოცნების" ქუთაისელი ელექტორატი #1, #22 და #31 ავტობუსებითაც მიიყვანეს.

ავტობუსებისა და მიკროავტობუსების  მძღოლებმა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განაცხადეს, მათ დავალება ხელმძღვანელობისგან მიიღეს, რის გამოც, დღეს საქალაქო ხაზზე ვერ იმუშავეს.



თუ ვინ მოიაზრებიან ხელმძღვანელობაში, რომლებისგანაც, მძღოლების თქმით, მოსახლეობის გადაყვანა დაევალათ, ამაზე თავად მძღოლები არ საუბრობენ.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში კი განმარტავენ, რომ მსგავსი დავალება არ გაუციათ.

"ჩვენგან მსგავსი დავალება არავის არ მიუღია და ვის მოიაზრებენ დავალების გამცემ პირებში ეს ჩემთვის უცნობია. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საავტობუსო ხაზებზე, რომლებითაც კერძო კომპანიები სარგებლობენ და მათგან თუ მოხდა მსგავსი დავალების გაცემა, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ," - ამბობს ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ცხვედიანი.

ქუთაისიპოსტმა ინფორმაციის მიღება ქალაქში არსებული ერთ-ერთი მსხივლი გადამზიდი კომპანიისგანაც სცადა. ქუთაისიპოსტმა ინფორმაციის მისაღებად სცადა დაკავშირებოდა შპს "სამგზავრო 2007"-ს, რომელიც ქალაქში ერთ-ერთი მსხვილი ავტოპარკის მფლობელია და ის ნებართვებს ფლობს საქალაქო საავტობუსო ხაზებზე.

მისივე თქმით, დღეს ქუთაისში საქალაქო ხაზებზე მუშაობა არ შეწყვეტილა.

კომპანიის ხელმძღვანელს ალეკო დვალიშვილს ტელეფონით დავუკავშირდით. თუმცა, მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა თავი წარუდგინა, განაცხადა რომ ხმა აღარ ესმოდა, ამის შემდეგ ჟურნალისტმა შეკითხვაც ბოლომდე დასვა, რომლის დასრულებისას, დვალიშვილმა კვლავ თქვა, რომ არ ესმოდა. მასთან დაკავშირება სხვა ტელეფონითაც ვცადეთ, თუმცა ის ზარებს აღარ პასუხობს.

დღეს "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში ასსაფეხურიან კიბეებთან  იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებიც წარადგინა.

ქუთაისის მერობის კანიდატად ყოფილი ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია დასახელდა.


ამავე თემაზე:

"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის მერობის კანდიდატად გიორგი ჭიღვარია წარადგინა

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების სია იმერეთის მუნიციპალიტეტებში



 

Print