პოლიტიკა
„რომელიმე პარტიამ რომ დამიჭიროს მხარი, უარს ვიტყვი ქუთაისის მერობაზე“ - თემურ შაშიაშვილი
FaceBook
ქუთაისის ყოფილმა მერმა და გუბერნატორმა, თემურ შაშიაშვილმა, შესაძლოა, ქუთაისის მერის პოსტზე კვლავ იყაროს კენჭი.

შაშიაშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი აქვს, თუმცა, ამბობს, რომ თუ ხალხში საბრძოლო განწყობას დაინახავს, მზადაა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

ქუთაისის ყოფილი მერის თქმით, მისი კანდიდატურა არ იქნება მხრადაჭერილი პოლიტიკური პარტიების მიერ, რადგან მიიჩნევს, რომ ქუთაისს პარტიული მერი არ სჭირდება.

"დღეს ქუთაისს არ სჭირდება პარტიული მერი. ქუთაისს სჭირდება ქართული განწყობის ადამიანები, რომლებსაც საქმის კეთება უნდათ. მე რომ რომელიმე პარტიამ დამიჭიროს მხარი, უარს ვიტყვი მერობაზე და არც საკრებულოში მჭირდება ჩემი პარტია. მე ჯერ კიდევ ვაანალიზებ მდგომარეობას და თუ დავინახავ ხალხში ასეთივე განწყობას, მაშინ ვიყრი კენჭს", - ამბობს თემურ შაშიაშვილი.

ქუთაისის ყოფილი მერი ამბობს, რომ მას ქალაქში ავტორიტეტი აქვს და ნიჭიერ ადამიანებთან ერთად შეძლებს გადაჭრას  ქუთაისის პრობლემები.

"მე მარტო ვერ მოვერევი ამას. საქართველოს ინტელიგენცია იყიდეს ფულით, მაგრამ ქუთაისში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ვისთანაც მინდა დავითათბირო, მინდა ვკითხო მათ აზრი. მე რაღაც ავტორიტეტი დავტოვე ამ ქალაქში. ვიღაცას მოვწონდი, ვიღაცას არა, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. ნუ ფიქრობთ თემურ შაშიაშვილზე, იფიქრეთ ქალაქზე, თქვენს მომავალზე, შვილებზე", -  განმარტავს  თემურ შაშიაშვილი. მისივე თქმით, თუ იგი ქალაქის მერი ვერ გახდება, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებს.

შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ  ქუთაისს თავისი რეალური ფუნქცია დაკარგული აქვს.

"ქუთაისი უნდა იყოს ტურიზმის ცენტრიო, არ შეგზარავთ ახლა ეს ამბავი? ქუთაისის ფუნქცია ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლმა განსაზღვრა, როცა გელათის აკადემია დაარსა. მან სიბრძნის ქალაქი უწოდა ქუთაისს. როგორც კი ქუთაისს ამას წავართმევთ, არაფერი აღარ იქნება. ქუთაისი უნდა იყოს ევროპული ყაიდის ეროვნული ქალაქი.
ვისაც უხარია, რომ მაკდონალდსი დავით აღმაშენებლის მოედანზე დაიდგა, ცდება. მე არ ვარ წინააღმდეგი მაკდონალდსის, მაგრამ რა უნდა მოედანზე მაკდონალდსს?!. ან როგორ შეიძლება რიონის სანაპიროს ისე მოექცე, როგორც ექცევიან?!. ვიცნობ მე ახლანდელი მერის ოჯახს, ძალიან კეთილი ოჯახია, მაგრამ მაგ პიროვნებაზე 5–10 წლის მერე ისეთები დაიწერება, რომ თვითონ შერცხვება", - ამბობს თემურ შაშიაშვილი.

თემურ შაშიაშვილი ქუთაისის მერობისთვის 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იბრძოდა, თუმცა, იგი ქალაქის მოქმედ მერთან, შოთა მურღულიასთან დამარცხდა.

თემურ შაშიაშვილი 1993-1995 წლებში ქუთაისის მერი, 1995 წლიდან 2003 წლმადე კი იმერეთის გუბერნატორი იყო.

Print