პოლიტიკა
"10 დღის წინ მოვინახულე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის ადგილი"- შოთა მურღულია
FaceBook
ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ოთხწლიანი მუშაობის შეჯამების დროს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე ისაუბრა. მისი თქმით, სამუშაოები უკვე დაწყებულია და მშენებლობის ადგილი მან გერმანელ პროფესორებთან ერთად მოინახულა. 

"ზოგს გონია, რომ ვიდრე ტრაქტორი არ მივა იქ, მანამდე არ არის მშენებლობა დაწყებული. ასე არ არის. ასი ათასობით ლარია უკვე იქ დახარჯული პროექტისთვის, ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, რენდერებია გაკეთებული და ასე შემდეგ. 10 დღის წინ მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორები იყვნენ ჩამოსული და დავათვალიერეთ ადგილი. იქ რეალურად უკვე დაწყებულია სამუშაოები", - განაცხადა ქუთაისის მერმა ოთხწლიანი მუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე,  ადგილზე სტუდენტების საცხოვრებლები აშენდება. რაც შეეხება, უშუალოდ სასწავლო დაწესებულების კორპუსებს, აუდიტორიების მოწყობა მანამდე არ მოხდება, ვიდრე კონცეფცია, რომელიც მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერისტეტის პროფესორებთან ერთად მუშავდება, საბოლოოდ არ დამტკიცდება.

"გვითხრეს გერმანელმა სპეციალისტებმა, რომ ვიდრე არ ჩამოყალიბდება კონცეფცია, მანამდე აუდიტორიების მოწყობა ვერ მოხდება. 2019 წლისთვის იქ უკვე უნდა იყოს გარკვეული ინფრასტრუქტურა აშენებული",- განაცხადა შოთა მურღულიამ.

პრესკონფერენციაზე ქალაქის მერმა 4 წლის განმავლობაში ქუთაისში განხორციელებული პროექტები შეაჯამა. მისი თქმით, ქალაქში ბოლო წლებში რამდენიმე მსხვილი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, შოთა მურღულიამ წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სოციალური საცხოვრისის მოწყობა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა გამოყო.

Print