პოლიტიკა
გამგებლის პოსტზე „ოცნების“ შესაძლო კანდიდატების სია ზესტაფონში
FaceBook
ზესტაფონში, "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატი რამდენიმე დღეში დასახელდება. ქუთაისიპოსტმა იმ კანდიდატების სია მოიპოვა, რომლებსაც პარტიის ცენტრალურ ოფისში განიხილავენ.
ჩვენი ინფორმაციით, გამგებლობის შესაძლო კანდიდატების სია ზესტაფონის გამგებელმა და პარტიის თავმჯდომარემ, ტარიელ თუთარაშვილმა ჩაიტანა.

საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღრაძე, "ქართული ოცნების" ზესტაფონის შტაბის უფროსი ელგუჯა კვენეტაძე და პარტიის ზესტაფონის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გელა ჯუღელი - ეს ის ადამიანებია, რომლებიც  "ქართული ოცნების" ცენტრალურ  ოფისში ზესტაფონის გამგებლობის პოზიციაზე განიხილავენ.

"ჩვენ მათ ვაწვდით მსურველთა სიას და ისინი თავად გადაწყვეტენ ვისზე შეაჩერებენ არჩევანს. ამ ეტაპისთვის გამოკვეთილი კანდიდატი არ გვყავს, თუმცა დრო არ ითმენს და ალბათ, რამოდენიმე დღეში გვეცოდინება ვინ იყრის კენჭს რაიონის გამგებლის პოსტზე", - ამბობს ჩვენთან საუბარში ტარიელ თუთარაშვილი.

ქუთაისიპოსტი გამგებლის სავარაუდო კანდიდატებსაც დაუკავშირდა.

ისინი ჩვენთან საუბარში განმარატვენ, რომ მათი კანდიდატურა რეალურად განიხილება. პარტიის ზესტაფონის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გელა ჯუღელი აღნიშნავს, რომ იგი თავს უფრო საკრებულოში მოიაზრებს. სამაგიეროდ, იმ სავარაუდო გამგებლობის კანდიდატს, ზესტაფონის მკვიდრს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა კაპანაძეს გვისახელებს. თავად, ზაზა კაპანაძესთან შევეცადეთ ინფორმციის გადამოწმებას. თუმცა, ის სატელეფონი ზარებს არ პასუხობს. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს  არის დაგეგმილი. 

ეკა დუგლაძე

Print