პოლიტიკა
"დავირაზმებით და გავიყვანთ" - ვიცე-გუბერნატორი ქუთაისის მერობის კანდიდატზე
FaceBook
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ვიცე-გუბერნატორს, გიორგი ჭიღვარიას "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში წარდგენილი კანდიდატების სია დაუწუნეს.

საუბარია, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებზე.

ჩვენთან საუბარში გიორგი ჭიღვარია ცენტრალურ ოფისში სიების გადაცემას ადასტურებს. თუმცა, ამბობს, რომ ეს სია მას უშუალოდ არ ჩაუტანია, არამედ ისინი 3 თვის წინ ელექტრონულად გადააგზავნეს.

მისივე თქმით, სიაში ქუთაისის საკრებულოს მოქმედი წევრები და ახალი სახეებიც, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან.

"საბოლოო გადაწყვეტილება ცენტრალურმა ოფისმა უნდა მიიღოს. ვისაც გადაწყვეტს, მას დავუჭერთ მხარს. ყველაფერი არის განხილვის რეჟიმში. ისინი შეისწავლიან პიროვნებებს ვინ უფრო რესურსიანი, ვინ უფრო შედეგიანი იქნება, პარტიის წევრობა, გვერდით დგომა. ისეთი ადამიანი, ვისაც ქალაქში ცნობადობა აქვს. ეგეთი ადამიანები არიან ამ სიაში და კიდევ გამოჩნდებიან სხვა სახეებიც," – ამბობს გიორგი ჭიღვარია.

რაც შეეხება, ქუთაისის მერობის კანდიდატს, იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ამბობს, რომ ის "ქართული ოცნების" გუნდიდან იქნება.

"ყოველთვის დავალება უნდა წამოვიდეს ცენტრიდან. ქუთაისის მერი უნდა იყოს ქუთაისელი, თუმცა ზოგჯერ საჭიროება სხვას მოითხოვს. რასაც ჩათვლის ცენტრი საჭიროდ. შეარჩევენ საუკეთესოს, დავირაზმებით და გავიყვანთ აუცილებლად," - აცხადებს ჭიღვარია.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისის მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატების საბოლოო, დაზუსტებული სია მომვალის თვის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.



Print