პოლიტიკა
"ქუთაისის მერობის კანდიდატად, შესაძლოა, ცნობადი ფიგურა ვიხილოთ" - "ევროპული საქართველო"
FaceBook
"ევროპული საქართველოს" ადგილობრივ ორგანიზაციაში, ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევა დაწყებულია.
პარტიაში ადასტურებენ, რომ პოზიციების შეჯერება უკვე მიმდინარეობს და რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი ვინ იბრძოლებს "ევროპული საქართველოს" სახელით ქუთაისის მერობისთვის და  მაჟორიტარი დეპუტატობისთვის.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში მერობის კანდიდატად გია თევდორაძე და კოტე რატიანი მოიაზრებიან.

თავად კოტე რატიანი არ უარყოფს, რომ ამ მიმართულებით ადგილობრივ ლიდერებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა, ამბობს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

"შიდა სამზარეულში მოვიაზრებით ადგილობრივი ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერი, თუმცა, ოფიციალური კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა. ასევე, ვიცი რომ რამდენიმე საინტერესო ადამიანთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება ცენტრალურ დონეზე, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტული მონახაზი ამ ეტაპზე არ არსებობს", - ამბობს კოტე რატიანი.

ქუთაისის მერად სოლიდური და ცნობადი ფიგურა წარმოუდგენია პარტიის "ქუთაისის ორგანიზაციის" თავმჯდომარეს, გია თევდორძეს.

"შესაძლოა, ისეთი სახე ვიხილოთ ქუთაისის მერობის კანდიდატად, რომელიც საერთო ნაციონალური ცნობადობით და წონადობით გამოირჩევა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება სოლიდური ფიგურა შევაჩიოთ ამ პოსტზე. ახლა ჯობია ისეთი ადამიანები შევარჩიოთ კანდიდატებად, რომლებიც ახალი ხედვით, ახალი ენერგიით შეძლებენ ქვეყნის და ქალაქის გადარჩენას", - განაცხადა პარტიის "ქუთაისის ორგანიზაციის" თავმჯდომარემ, ქუთაისპოსტთან საუბარში გია თევდორაძემ.

რაც შეეხება იმას, განიხილავს თუ არა საკუთარ კანდიდატურას ამ პოსტზე, ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია. 

"ევროპული საქართველო" ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, რამდენიმე კვირაში დაასახელებს.


ამავე თემაზე:

იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, შესაძლოა ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინონ

"მმართველ გუნდს სიტყვაზე ვერ ვენდობით" - გია თევდორაძე

"არ ვარ დამოუკიდებლად მოთამაშე" - შოთა მურღულია ქუთაისის მერად კანდიდატურის წარდგენაზე

"მერობის კანდიდატს პრემიერი ან ვიცე-პრემიერი წარადგენს" - "ოცნების" ქუთაისის ორგანიზაცია




Print