პოლიტიკა
"მერობის კანდიდატს პრემიერი ან ვიცე-პრემიერი წარადგენს" - "ოცნების" ქუთაისის ორგანიზაცია
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატს პრემიერი ან ვიცე-პრემიერი წარადგენს.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს პარტიის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა, გიორგი იობაშვილმა განუცახადა. მისივე თქმით, ქალაქის მერობის კანდიდატთან ერთად, დასახელდება იმ პირის ვინაობაც, ვინც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

თუმცა, ვინ არიან ეს კანდიდატები და როდის მოხდება მათი წარდგენა, პარტიაში ვერ აკონკრეტებენ. გიორგი იობაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ კონსულტაციები პარტიის ცენტრალურ ოფისში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

"დაველოდოთ, მოვლენებს ნუ გავასწრებთ. ეს პრეროგატივა პრემიერს ან ვიცე-პრემიერ ეკუთვნის და ისინი დაასახელებენ მერობის კანდიდატს,"- აცხადებს გიორგი იობაშვილი.

არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატად, შესაძლოა იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია დასახელდეს.

თავად ჭიღვარიამ ეს ინფორმაცია ქუთაისიპოსტთან საუბარში არც უარყო და არც დაადასტურა.

"საბოლოო გადაწყვეტილება მერობის კანდიდატის შესახებ რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. ჯერჯერობით, ამ თემაზე კონსულტაციები არ დაწყებულა," - განმარტა გიორგი ჭიღვარიამ.

მისი თქმით, თუკი პოლიტიკური გუნდი არჩევანს მასზე გააკეთებს, ის მზად იქნება ქალაქს ემსახუროს.


ამავე თემაზე:

იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, შესაძლოა ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინონ

"მმართველ გუნდს სიტყვაზე ვერ ვენდობით" - გია თევდორაძე

"არ ვარ დამოუკიდებლად მოთამაშე" - შოთა მურღულია ქუთაისის მერად კანდიდატურის წარდგენაზე






Print