პოლიტიკა
ქუთაისის მერიაში ვიცე-მერის მესამე შტატი დაემატა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქუთაისის მერიაში კიდევ ერთი ვიცე–მერის შტატი შეიქმნა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განმარტებით, ახალი შტატის დამატება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს უკავშირდება, რომელიც 2017 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.

ზვიად ჯავახიას თქმით, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქალაქის მერიას 13 თანამდებობის პირი უნდა ყავდეს, რაც აქამდე ასე არ იყო.

„ქუთაისის მერიას ამჟამად ყავს 12 თანამდებობის პირი. იქედან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს „საჯარო სამსახურის შესახებ კანონი“ ჩვენ უნდა მოგვეყვანა ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში თანამდებობების რაოდენობაც“, – განაცხდა ზვიად ჯავახიამ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ამ პოსტზე არავინ არ არის შერჩეული და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, შესაძლოა, არც მოხდეს კიდევ ერთი ვიცე–მერის დანიშვნა.

ქუთაისის მერს ამჟამად ორი მოადგილე ყავს.

საშტატო ნუსხის ცვლილებას არ დაეთანხმა ოპოზიცია.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატის, დავით გოგისვანიძის თქმით, არჩევნებამდე მსგავსი ცვლილება არასწორია.

"თვითმმართველობის არჩევნები გვიახლოვდება, ახალი მერი იქნება არჩეული და რა აუცილებლობა იყო რამდენიმე თვით არჩევნებამდე შტატის დამატება? ეს, თუნდაც, უმნიშვნელო, მაგრამ მაინც გამოიწვევს საბიუჯეტო ცვლილებას", – განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განმარტებით, ცვლილებები "საჯარო სამსახურის შესახებ კანონის"  მიხედვით, თანამშრომლების რანგირებასაც შეეხო. ჯავახიას თქმით, ქუთაისის მერიაში 5 წამყვანი  სპეციალისტი მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე გადავიდა

„არავითარ საშტატო ცვლლებაზე აქ საუბარი არ არის. მხოლოდ კანონთან შესაბამისობაში მოხდა მათი რანგირების განსაზღვრა. ყველა მათგანი თავიანთი წარმატებული მუშაობის შედეგად დაწინაურდა ამ პოზიციებზე“, – განაცხდა ზვიად ჯავახიამ.

მისივე ინფორმაციით, ახალ პოზიციებზე 5–ივე თანამშრომელს სახელფასო ანაზღაურება 80 ლარით გაეზრდება.
Print