პოლიტიკა
პარლამენტი ქუთაისსა და თბილისში - ხარჯები და შეფასებები
FaceBook
ქუთაისში საცხოვრებელი ფართით ერთი პარლამენტარის უზრუნველყოფისთვის საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 833.75 ლარია გამოყოფილი, ხოლო პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ბინებისთვის 375-400 ლარი.
პარლამენტის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ თანხას 150-ივე დეპუტატი და აპარატის ყველა თანამშრომელი იღებს. სამსახურებრივი ავტომანქანით კი 51 პარლამენტარი სარგებლობს. ბიუროს მონაცემებით, პარლამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის საწვავი ყოველთვიურად სხვადასხვა რაოდენობით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში იხარჯება. საერთო ჯამში კი, 2016 წლის განმავლობაში 380 682,32 ლიტრი საწვავი დაიხარჯა.

გასულ წელს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დაზუსტებული ბიუჯეტი 50 091 000 ლარს შეადგენდა. როგორც პარლამენტის ბიუროში განმარტეს, დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომელთა ქუთაისში პარლამენტის პლენარულ სხდომებზე გამგზავრებისთვის საჭირო სამივლინებო ხარჯები პარლამენტის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, რადგან საქართველოში მოქმედი სამივლინებო წესი ამ სახის ხარჯს არ ითვალისწინებს. მათივე ცნობით, ბიუჯეტიდან თანხები არც ქუთაისში სასტუმროს მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებით გაიცემა.

ქუთაისში, ი.აბაშიძის გამზ. №26-ში მდებარე შენობა საქართველოს პარლამენტის აპარატს 2016 წლის მარტში გადაეცა. საკანონმდებლო ორგანოს ბიუროში ზუსტად არ იციან რამდენს შეადგენს ამ შენობის საოფისე ხარჯი, რადგან ის ცალ-ცალკე არ გაიცემა.

სამაგიეროდ, თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებისთვის ცალკეულადაა დათვლილი კომუნალური ხარჯები. ორივე მათგანის შესანახად საქართველოს პარლამენტის აპარატის ბიუჯეტიდან 2016 წლის 16 მარტიდან სულ 1 754 847, 56 ლარი დაიხარჯა. აქედან, 688 848, 61 ქუთაისის შენობის, 1 065 998,95 ლარი კი თბილისის შენობის კომუნალური ხარჯებზე დაიხარჯა.

თუ როგორ გადანაწილდა თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებისთვის კომუნალური ხარჯები, ნახეთ ინფოგრაფიკაში:



საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წამომადგენელი ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადატანას, სწორედ მომატებული ხარჯების გამო ემხრობა. ამ არგუმენტს უსუსურად მიიჩნევენ ქუთაისში.

„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივ ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ქალაქში მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შენობა, თავიდანვე თანამედროვე სტარდარტებით, იმის გათვალისწინებით ააგეს, რომ ხარჯი ნაკლები ყოფილიყო.

„თბილისში უფრო მეტი ჯდება პარლამენტის შენობის შენახვა, რომელიც საბჭოთა პერიოდში არის აგებული. არ ვაკნინებ იმ შენობას, მაგრამ ქუთაისში არსებული შენობა უფრო შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მახოსვს ის ცინიკური დამოკიდებულება ხელისუფლების, როდესაც 1 მილიონზე მეტი გამოყვეს თბილისში, რუსთველის ქუჩაზე მდებარე შენობის ავტოსადგომის დაქირავებისთვის. ამ დროს ქუთაისის შენობის ავტოსადგომი და მისი შემოგარენი სამარცხვინო მდგომარეობაშია,“ - განმარტავს „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გია თევდორაძე.

მისი აზრით, ხელისუფლება ეკონომიაზე და ხარჯების დაზოგვაზე საუბრით ცდილობს,  შენიღბოს ის რეალური მიზეზი, რის გამოც პარლამენტის თბილისში გადატანა უნდათ.

„ისინი ვერ ელევიან იმ კოფორტს, რაც თბილისთან არის დაკავშირებული,“- აღნიშნავს გია თევდორაძე.

ქუთაისში პარლამენტის დარჩენის იდეის მომხრეები თვლიან, რომ წინა ხელისუფლების დროს დაწყებული პროექტის ბოლომდე განხორციელების შემთხვევაში, ეს საკითხი დღის წესრიგში არ იქნებოდა.

„თუკი შესრულდებოდა ის პროექტი, რომელიც რამდენიმე სასტუმროს ტიპის კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებდა, ხარჯები კიდევ უფრო შემცირდებოდა. მით უმეტეს, ყველა დეპუტატი არ არის თბილისელი და მათი ბინის ქირისთვის დედაქალაქშიც იხარჯება თანხები, რაც ქუთაისთან შედარებთ გაცილებით დიდია",  - აღნიშნავს მოძარაობა „კონსტიტუციის 48 მუხლის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხვიჩა ვაშაყმაძე.

რაც შეეხება, ქუთაისელ მაჟორიტარებს, ისინი პარლამენტის ქალაქში დარჩენას ემხრობიან. გენადი მარგველაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ხარჯების გამო საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან არ უნდა გადაიტანონ. დეპუტატი ამბობს, რომ კოლეგების აზრი საპარლამენტო უმრავლესობიდან ამ საკითხზე ერთიანი არაა.

„უმრავლესობის პოზიცია მეტნაკლებად კითხვა-პასუხის რეჟიმში მომისმენია, მაგრამ უმრავლესობის პოზიციის შეჯერებეული ვარიანტი არის ის, რაც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. ვემხრობი პრემიერის იმ იდეას, რომ ქუთაისიდან პარლამენტი არ წავა მანამ, ვიდრე ეს არ იქნება ქუთაისელების ნება,“ - ამბობს ქუთაისის მაჟორიტარი, გენადი მარგველაშვილი.

ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად 2009 წლის 24 სექტემბერს გამოცხადდა და კონსტიტუციის 48-ე მუხლში შესაბამისი ცვლილებაც შევიდა. პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის 133 700 000 ლარი დაიხარჯა. შენობა კი ესპანური კომპანიის CMD Ingenieros პროექტით აშენდა.



Print