პოლიტიკა
იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, შესაძლოა ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინონ
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატად, შესაძლოა იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია დასახელდეს.
ჭიღვარია ქუთაისიპოსტთან საუბარში ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

"საბოლოო გადაწყვეტილება მერობის კანდიდატის შესახებ რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. ჯერჯერობით, ამ თემაზე კონსულტაციები არ დაწყებულა," - განმარტავს გიორგი ჭიღვარია.

მისი თქმით, თუკი პოლიტიკური გუნდი არჩევანს მასზე გააკეთებს, ის მზად იქნება ქალაქს ემსახუროს.

ანალოგიურად, ქვეყნისთვის სამსახურს აპირებს ქუთაისის მოქმედი მერი, შოთა მურღულიაც იმ შემთხვევაში, თუკი გუნდი მას ქალაქის პირველი პირის პოსტზე კვლავ წარადგენს. თუმცა, მურღულია განმარტავს, რომ ეს მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული.

"არ ვარ დამოუკიდებლად მოთამაშე. აქ თუ გუნდური მხარდაჭერა და გუნდური გადაწყვეტილება არ იქნა, მარტო ქალაქის მერი ვერაფერს გააკეთებს," - ამბობს ჩვენთან საუბარში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება ქუთაისში მოქმედმა ოპოზიციურმა პარტიებმაც დაიწყეს. ქალაქში 10-მდე პოლიტიკური პარტიაა.
მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების შერჩევა უმეტესობა მათგანში უკვე დაწყებულია.

ამ დროისთვის, ასევე საუბარია პოლიტიკური მოძრაობა "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატზე. ამ პოსტზე ყოფილი "ნაციონალებისგან" დაკომპლექტებულ პარტიაში ქალაქის ყოფილი მერისა და პარლამენტის წევრის, გია თევდორაძის კანდიდატურას განიხილავენ.

თუმცა, თავად თევდორაძე განმარტავს, რომ პოლიტიკაში ახალი სახეების მოსვლას ემხრობა.

ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები აქტიური საარჩვენო კამპანიის დაწყებას მომავალი თვიდან აპირებენ.


ამავე თემაზე:

"მმართველ გუნდს სიტყვაზე ვერ ვენდობით" - გია თევდორაძე

"არ ვარ დამოუკიდებლად მოთამაშე" - შოთა მურღულია ქუთაისის მერად კანდიდატურის წარდგენაზე

Print