პოლიტიკა
"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისის მერობის კანდიდატად, შესაძლოა გია თევდორაძე დაასახელოს
FaceBook
"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისის მერობის კანდიდატად, შესაძლოა, ქალაქის ყოფილი მერი და პარლამენტის დეპუტატი გია თევდორაძე დაასახელოს.

როგორც თავად გია თევდორაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, ამის შესახებ პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს. 

"ბუნებრივია, საკმაო გამოცდილება გამაჩნია პოლიტიკური ბატალიების და განხილული იქნება ჩემი კანდიდატურა. თუმცა, მიმაჩნია, რომ გაცილებით უფრო სასურველია ახლა სხვა სახეები, სხვა ადამიანები შევთავაზოთ საზოგადოებას. წინასწარ გამიჭირდება ხელაღებით უარი ან თანხმობა გითხრათ საბოლოო ვერდიქტზე," - ამბობს "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერი.

გია თევდორაძე თვლის, რომ პოლიტიკა მუდმივად განახლებადი პროცესი უნდა იყოს, დღევანდელ ქართულ პოლიტიკას კი ახალი სახეები, იდეები და ენთუზიაზმი აკლია. თუმცა, ამბობს, რომ გამოცდილმა პოლიტიკოსებმა ახალგაზრდებს საქმის კეთებაში ხელი უნდა შეუწყონ.

"არის რამოდენიმე მათგანზე საუბარი, თუმცა არ ვიცი ისინი ამ შეთავაზებას რა განწყობით შეხვდებიან. ცოტა ხანში დავინახავთ ამ ყველაფერს. ქალაქის არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობიდან გამოყვანის მთავარი წინაპირობა არის ბევრი ახალი სახე, ახალი იდეა, ენერგია, რაც სამწუხაროდ მმართველ გუნდში არაა. რისი

კრიზისიც და დეფიციტიც ჰქონდა წინა ხელისუწლებას, რამაც გამოიწვია ის შედეგი, რომელიც დადგა 2012 წელში. ყველა ის ადამიანი, ვინც პოლიტიკაში კარგა ხსნის დამკვიდრებულია არ უნდა იქცეს ბარერად ახალი მოსული ადამიანებისთვის," - ამბობს გია თევდორაძე.

მისივე ინფორმაციით, "ევროპული საქართველო" მიმდინარე წლის 27 მაისს დამფუძნებელი ყრილობას გამართავს, რის შემდეგაც ქუთაისის მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს ოფიციალურად წარადგენენ.

როგორ ემზადებიან ქუთაისში პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ვის წარადგენენ ქალაქის მერობის კანდიდატად ნახეთ ვიდეოსიუჟეტი 10 მაისს ქუთაისიპოსტზე.  




Print