პოლიტიკა
"ქუთაისი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი" - ირაკლი კობახიძე
FaceBook
"მოგეხსნებათ, რომ იგეგმება გრანდიოზული მრავალმილიარდიანი პროექტი, რომელმაც ქუთაისს უნდა შესძინოს სრულიად ახალი დატვირთვა და ამ პროექტის განხორცილების შემდეგ ქუთაისი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი", -  ამ განცხადებით დაიწყო  საკონტიტუციო ცვლილების სახალხო განხილვა მესხიშვილის თეატრში საქართველოს  პარალამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელიც საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პირველი სახალხო განხილვა ამ წუთებში ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში მიმდინარეობს.

"ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ განვიხილოთ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები. მოგეხსნებათ, ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებით, ჩართული იყო უმრავი ადამიანი ამ პროცესში. ძალიან ფართო შემადგენლობით შეიქმნა სახელმწიფო საკონტიტიციო კომისია, 73 წევრის შემადგენლობით. ამ ყველაფრის საფუძველზეც ჩვენ მოვამზადეთ სრულიად ახალი რედაქცია საქართველოს კონსტიტუციის. ჩვენ ვცვლით არადემოკრატიულ კონსტიტუციას, რომელიც  მემკვიდრეობით დაგვიტოვეს, დემოკრატიული კონსტიტუციით. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა საკონტიტუციო რეფორმის, რომელიც ამჟამად ხორციელდება", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრას, რომელიც 12:00 საათზე დაიწყო, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებიან.  

"დღევანდელ შეხვედრაზე სამი საკითხი იქნება განხილული: პირველი, ის რომ "ქართული ოცნება" ქუთაისს უკარგავს საპარლამენტო ქალაქის სტატუსს, მეორე - ის, რომ შემოგვთავაზეს სრულიად მიუღებელი საარჩევნო სისტემა, რომელიც პრაქტიკულად მოახდენს პირველი პოლიტიკური პარტიის ძალაუფლების უზურპაციას. ეს არის მოდელი, რომელიც მუსოლინის დროს არის შემუშავებული და სამარცხვინოა, როდესაც 21-ე საუკუნეში ასეთი ტიპის საარჩევნო მოდელი შეიძლება იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის შეთავაზებული. და მესამე - ის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციის მიუხედავად, ისინი ართმევენ ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას და ართმევენ პრეზიდენტს უფლებებს", - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს 11 დღის განმავლობაში ყოველდღიურად გამართავს. დაგეგმილია განხილვები ქუთაისის გარდა, ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, თელავში, მცხეთასა და რუსთავში. ბოლო განხილვა 15 მაისს თბილისში გაიმართება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რეგიონებში გასვლა საორგანიზაციო კომისიის მუშაობის პირველ ეტაპს წარმოადგენს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაგეგმილია სხვადასხვა ჯგუფებთან.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა.
Print