პოლიტიკა
მთავრობის გადაგომის მოთხოვნით "ნაციონალები" პარლამენტთან აქციას გამართავენ
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ახალი მთავრობის დამტკიცებას გააპროტესტებს და მთავრობის გადადგომას მოითხოვს.  ნაციონალების"  განმარტებით, უნდა დასრულდეს კულუარებიდან ქვეყნის მართვა. "ნაციონალების" პარლამენტის წინ აქციას 12 საათზე გამართავენ. 
"ვეწინააღმდეგებით  ბიძინა-ღარიბაშვილის იმ ახალ მთავრობას, რომელსაც დღეს დაამტკიცებენ. გარდა ამისა,  გვინდა ეს მთავრობა მალე მოშორდეს", - აცხადებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.
დღეს 13:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.  დღის წესრიგის მთავარი თემა მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხია. რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის განკარგულებით არის მოწვეული.
სხდომაზე ახალი შემადგენლობის მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის ნდობის საკითხის დასმამდე პარლამენტი ორი დეპუტატის - თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, სავიზო რეჟიმის გამარტივებაა, რომლის თაობაზეც მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.
Print