პოლიტიკა
პრემიერმა იმერეთის ეკონომიკურ პოტენციალზე მედიისთვის დახურულ კარს მიღმა ისაუბრა
FaceBook
ბიზნესში არსებული პრობლემები და რეგიონის გაძლიერების პოტენციალი - ეს ის საკითხებია, რომლებზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისში ბიზნესმენებთან და იმერეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
თუმცა კონკრეტული პასუხი კითხვაზე, თუ როგორ მოხდება ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარება იმერეთის რეგიონში და რა ხელშეწყობა ექნება ბიზნესმენებს ხელისუფლების მხრიდან, "ქუთაისიპოსტს" მედიისთვის დახურული შეხვედრიდან გამოსულმა მეწარმეებმა ვერ განუმარტეს.
ქუთაისში, სასტუმრო "ბაგრატში" პრემიერთან შეხვედრაზე მყოფი ადგილობრივი მეწარმეები მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა.
"შეხვედრა იყო ძალიან სასარგებლო, დავსახეთ პრობლემები, რომლებიც ალბათ გადაიჭრება,"- ამბობს შპს "ქართული დაფნა"-ს წარმომადგენელი მამუკა ალფაიძე.
ქუთაისში ბიზნესმენებთან და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან გამართული შეხვედრის შესახებ, პრემიერმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
სამაგიეროდ, ქუთაისში სასტუმრო "ბაგრატში" გამართული შეხვედრის შინაარსის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.
როგორც საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაშია აღნიშნული, მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც რეგიონს სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქვს. კერძოდ ის, რომ იმერეთში შესაძლებელია მევენახეობა-მეღვინეობის, მემწვანილეობის, მებოსტნეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, სასათბურე მეურნეობის, სამაცივრე მეურნეობის, რძის, ხილის გადამამუშავებელი მრეწველობის, მეფრინველეობის, თხილის წარმოების, მარცვლეულის წარმოების, ჩირის, დაფნის, აბრეშუმის, ბაღჩეული კულტურის წარმოების განვითარება.
როგორც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მთავრობის მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ხელისუფლების მიერ რეგიონში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და ბიზნესმენებს იმერეთში აქტიურობისკენ მოუწოდა.

ანა ჯანაშია

Print