პოლიტიკა
ენმ–ს ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს 20 იანვრის ყრილობის შემდეგ აირჩევენ
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს 20 იანვრის ყრილობის შემდეგ აირჩევენ.
ამ დროისთვის კი პარტიის წევრის და ქალაქის საკრებულოს დეპუტატის, გია უკლებას თქმით, გიორგი თევდორაძე საქალაქო ორგანიზაციის ფორმალური თავმჯდომარეა.

თუ ვინ უხელმძღვანელებს ენმ–ს ადგილობრივ ორგანიზაციას, ამ დროისთვის უცნობია. უკლებას განმარტებით, ახალ თავმჯდომარეს 20 იანვრის ყრილობაზე პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების შემდეგ აირჩევენ.

მისივე ინფორმაციით, პოლიტსაბჭო გადაწყვეტს როდის და როგორ უნდა მოხდეს საქალაქო ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევა.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის მომავალი თავმჯდომარის სავარაუდო კანდიდატებზე საუბარი
გია უკლებას ნაადრევად მიაჩნია, ხოლო თანაგუნდელების გამიჯვნას დემოკრატიულ პროცესად აფასებს.

მისი თქმით, ეს მათი პოლიტიკური არჩევანისა და გემოვნების საკითხია.

"ზოგიერთმა "ნაციონალებიდან" გამიჯნულმა ორგანიზაციამ მარიხუანა დათესა. ეგ არაა ჩემი პრობლემა, რას გააკეთებენ ისინი. მათ შეუძლიათ მოწიონ მარიახუნა ან რეალიზება გაუწიონ მომავალში, ეს არ არის ჩემი პრობლემა", - აღნიშნავს უკლება.

"ნაციონალური მოძრაობის" 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობაზე ქუთაისის ორგანიზაციიდან 400-მდე დელეგატი გაემგზავრება.

რაც შეეხება გია თევდორაძეს, ის ამ დროისთვის პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ოფისში არ იმყოფება. მასთან ტელეფონზე დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ყოფილი დეპუტატის ტელეფონი გათუშულია.

Print