პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე ქუთაისიდან 400-მდე დელეგატი გაემგზავრება
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" 20 იანვრის ყრილობაზე ქუთაისის ორგანიზაციიდან 400-მდე დელეგატი გაემგზავრება.

მათი შერჩევა პარტიის საქალაქო ორგანიზაციაში მიმდინარე წლის 8 იანვარს გამართულ კონფერენციაზე მოხდა.

"კონფერენციამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მას 150 ადამიანი ესწრებოდა. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. გადაწყდა, რომ ყრილობაზე ქუთაისიდან 400-მდე ადამინი წავა. მათ შორის, მეც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას", - განმარტავს ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი, გია უკლება.

ის ქუთაისიპოტთან საუბარში კონფერენციის ჩატარების მიზეზებზეც საუბრობს.

მისი განმარტებით, დელეგატების შესარჩევად კონფერენციის ჩატარება იმ მიზეზის გამო გახდა საჭირო, რომ პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავჯმდომარე, გიორგი თევდორაძე 20 იანვრის ყრილობაში მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდა.

"ასეთი კიდევ ხონის ადგილობრივი ორგანიზაციაა, სადაც პარტიის თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, წინააღმდეგია დელეგატების გამგზავრების. ისინი გაემიჯნენ სააკაშვილს კურსს. ეს არის მათი არჩევანი. ეს არის ვიწრო პარტიული ბიუროკრატების ნაწილი და მეტი არაფერი. შეიძლება ითქვას, არის უმნიშვნელო ნაწილი", - ამბობს უკლება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ღია დაპირისპირება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. პარტია ორ ბანაკად, საააკაშვილის მომხრეებად და მის მოწინააღმდეგეებად დაიყო. ის, ვინც ყოფილ პრეზიდენტს გაემიჯნა, გიგა ბოკერიას ირგვლივ შეიკრა. შესაბამისად, პარტიის წევრებს არჩევანის გაკეთება სააკაშვილსა და ბოკერიას  შორის უწევს.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაცის წევრს, გია უკლებას ამგვარად საკითხის დასმა არასწორად მიაჩნია, რადგან ის თვლის, რომ სააკაშვილის გუნდი, რომლის წევრი თავადაა, უფრო ძლიერია.

"წონით კატეგორიებს თუ შევხედავთ, ძალიან დიდია შეუსაბამობა. ანუ მიშა, მე ვთვლი, რომ გამოკვეთილი ლიდერი და გავლენიანი პოლიტიკოსია საქართველოში. ასე, რომ სააკაშვილის და ბოკერიას შედარება, მე ვფიქრობ, რაღაც არასწორია", - აღნიშნავს გია უკლება.

გამოჩნდება თუ არა პარტიაში მესამე ძალა, პატიმრობიდან ახლადგათავისუფლებული გიგი უგულავას სახით, ქუთაისელი დეპუტატი ამბობს: "უგულუვაზეც იგივე აზრის ვარ, მათდა სამწუხაროდ. პარტიაში ბოლოდროინდელი მძიმე ვითარების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერ პოლიტიკურ პარტიად რჩება".

"ნაციონალური მოძრაობის" 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობამდე 11 დღე რჩება.
Print