პოლიტიკა
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები შემცირების მოლოდინში
FaceBook

ქუთაისის მერიის ააიპ ბოტანიკური ბაღის 45 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლების მოლოდინშია.


როგორც ბაღის დირექტორი, თემურ ჩეჩელაშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, ყველა მათგანი მოსალოდნელი შემცირების შესახებ ინფორმირებულია.


"ჩაბარდა ყველას გაფრთხილება და უკვე იციან ამის შესახებ. გასული წლის 31 დეკემბერს ყველა მათგანს შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ახალ დანიშვნებს ექვემდებარებიან, თუმცა, ჯერ არ ვიცით რამდენი დარჩება. ჩვენ მერიის ააიპი ვართ და ეს მათი გადასაწყვეტია",–ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.

ბოტანიკური ბაღის დირექტორი თანამშრომელთა შემცირებას არ ეთანხმება, რადგან მიიჩნევს, რომ გარე სამუშაოებისთვის საკმარისი მუშახელი არც ახლა ყავს.

"პირიქით,დასამატებელია მუშახელი. უამრავი სამუშაოა ეზოში, მაგრამ რადგან ბიუჯეტის 10 % იან შემცირებაზეა საუბარი, ფაქტია, რომ არავინ დაგვიმატებს ხალხს",–აცხადებს ჩეჩელაშვილი.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს ბაღმა ისედაც შემცირებული ბიუჯეტი მიიღო, რამაც 272 000 ლარი შეადგინა და ის გასული წლის ბიუჯეტზე 43 000 ლარით ნაკლებია.

ჩეჩელაშვილის ინფორმაციით, ახალი დანიშვნები მიმდინარე წლის 9 იანვრიდან დაიწყება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი რამდენით შემცირდება ბოტანიკური ბაღის თანაშრომელთა რაოდენობა.

მიმდინარე წელს ბოტანიკურ ბაღში,  შესაძლოა,  ვიზიტორებისთვის   შესვლა  ფასიანი გახდეს.

ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირების მიზნით, საჯარო სამსახურებში თანამშრომელთა შემცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაანონსებული.


Print