პოლიტიკა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ქუთაისის მერის მოწოდებას ეხმაურება
FaceBook
ქუთაისი მერის, შოთა მურღულიას მიერ,  საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ მოწოდებას, არასამთავრობო ორგანიაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ეხმაურება. ორგანიზაციის  უფროსი იურისტი, გიგი ჩიხლაძე  ფაქტს კანონდარღვევად აფასებს და ამბობს, რომ სახეზეა მერის მიერ უფლებამოსილების განხორციელების მომენტში აგიტაციის გაწევა.


"მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ თანამდებობის პირებს არ აქვს შეზღუდვა სამუშაო საათებში აგიტაციის კუთხით, ეს არ ნიშნავს მას, რომ თავისი უფლებამოსილების განხორცილების დროს შეუძლია ატაროს აგიტაცია. აქ გვაქვს ჩვეულებრივი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. კერძოდ, კი უფლებამოსილების განხორცილების დროს აგიტაცია და ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექს", - განმარტავს ქუთაისიპოტთან საუბარში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი. თავად, ქალაქის მერი თვლის რომ მას აგიტაციის გაწევის უფლება კანონმდებლობით აქვს მონიჭებული.

"კანონმდებლობის, შესაბამისად შემიძლია გავწიო აგიტაცია ადმინისტრაციული რესუსის გამოყენების გარეშე, მათ შორის საკრებულოს სხდომაზეც, რომელიც არის საჯარო შეხვედრა, პოლიტკური განცხადების დაფიქსირება არის ჩვეულებრივი მოვლენა, როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ, ასევე ჩემს მიერ", - ამბობს ქალაქის მერი. 

გიგი ჩიხლაძე ამბობს, რომ პარტია  სახელმწიფოსთან არ უნდა იყოს გაიგივებული.  


"იმის გაგება, რომ მათ აქვთ ნებისმიერ დროს აგიტაციის უფლება არის ამ კანონის არასწორად გაგება. ეს ეწინაღმდეეგება სახელმწიფოს და პარტიის ერთმანეთისგან გამიჯვნას", - აღნიშნავს იურისტი.

"საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, ხელისუფლების წარმომადგენლებს სამუშაო საათებში კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ან საწინაღმდეგოდ აგიტაცია-პროპაგანდა ეკრძალებათ.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს სხდომაზე მოსახლეობას "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.



Print