პოლიტიკა
ქუთაისის მერიას ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებენ
FaceBook
"პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი წულაია ქუთაისის მერიას ბრალდებებს უყენებს.

მისი მტკიცებით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე მხარდამჭერების მოზიდვის მიზნით, თვითმმართველობა მერის სარეზერვო ფონდიდან თანხას ხარჯავს და ამომრჩეველთა მოსყიდვას ცდილობს.

"ოფიციალურად ამბობენ, რომ სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ 94 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ 210 000 ლარი გახარჯა მერიამ და ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით, ქუთაისის სხვადასხვა უბანში, ბეტონის დაგება დაიწყო. ამჯერად, ავტოქარხანაში სადარბაზოებში ნათურების დაგებას ახორციელებენ, რაც არის ამომრჩეველთა პირდაპირი მოსყიდვის მცდელობა, დანაშაული,"- აცხადებს მაჟორიტარობის კანდიდატი.

გოგი წულაია ქუთაისში მცხოვრებლებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

"არ მაქვს სასამართლოს იმედი, ამიტომ სარჩელის შეტანას აზრი არა აქვს, თუმცა ცესკო ვალდებულია გამოიკვლიოს ქუთაისის მერიის ქმედება და "ქართული ოცნება" მოხსნას სარჩევნო მარათონიდან. ყველა ფხიზლად უნდა იყოს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. ვაფრთხილებ ქუთაისელებს, რომ ნუ დაუჯერებენ სააარჩევნოდ გააქტიურებულ ხელისუფლებას, რომლებიც არჩევნების შემდეგ მათ ისევ დაივიწყებენ,"- ამბობს წულაია.

ქუთაისის მერიაში წულაიას ბრალდებებს უსაფუძვლოს მიიჩნევენ.

"ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდი იხარჯჯება დანიშნულებისამებრ. გოგის, როგორც სჩანს, წლები აერია. საზოგადოებაში გამოჩენის მიზნით ზღაპრების მოყოლა, მისი კარგი თვისებაა," - განმარტავენ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში.
Print