პოლიტიკა
ეს იყო ჩემი დანაზოგი – "ქართული ოცნების" შემწირველი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატები
FaceBook
სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, "ქართული ოცნების" შემწირველთა სიაში ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატები გენადი მარგველაშვილი და კობა ნარჩემაშვილი არიან.

ამ უკანასკნელმა პარტიას შემოწირულობის სახით 55 000 ლარი მიმდინარე წლის 29 ივლისს შეწირა.

ამავე დღეს, ანალოგიურად 55 000 ლარი გაიღო "ქართული ოცნებისთვის" გენადი მარგველაშვილმაც.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აცხადებენ, რომ შემოწირულობა საკუთარი სირვილით გაიღეს.

"ეს არის ჩემი შემოსავლები წლების განმავლობაში. მე ვარ წარმატებული პედაგოგი. ეს არის ჩემი პირადი სახსრები იმისათვის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვიყენო ისე, როგორც მე მსურს," – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ასევე, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, მან "ქართულ ოცნებას" საკუთარი დანაზოგი შეწირა.

"ეს იყო ჩემი სურვილით, რასაკვირველია. ეს იყო ჩემი დანაზოგი, რომელიც პირადად ჩემი სურვილით შევიტანე "ქართული ოცნების" ანგარიშზე," – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით კობა ნარჩემაშვილი 50%–იანი წილის მფლობელია 2014 წლის 8 მაისს რეგისტრირებულ შპს "ბუმჯორჯიაში". კომპანიაში თანაბარ წილს ფლობს თურქეთის მოქალაქე, ოსმან ოქან ქარაქოლჯუ.

მაჟორიტარობის კანდიდატი, ასევე 2007 წლის 29 მაისიდან "კს ნარჩემაშვილი და იურიდიული კომპანიის" დამფუძნებელია. დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ნარჩემაშვილის პარტნიორი წყალტუბოს გამგებლის მოადგილე, ზაზა ძნელაძე გახლავთ.

2014 წლის 12 აგვისტოდან კობა ნარჩემაშვილი ააიპ სროლის სახეობათა კლუბი "ფორტუნას" გამგეობის წევრი და თავმჯდომარეა.

ნარჩემაშვილისგან განსხვავებით, სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა #47 ოლქის მაჟოტორატი დეპუტატობის კანდიდატი, გენადი მარგველაშვილი, რომელიც ქუთაისის ა. რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი გახლდათ.

"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟოროტარობის მესამე კანდიდატის, დიმიტრი მხეიძის შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია,სახელმწიფო აუდიტის მონაცემებში არ ფიქსირდება.

სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით, "ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" 620 შემწირველისგან ჯამში 10 286 735 ლარი მიიღო.



Print