პოლიტიკა
პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო გზავნილები
FaceBook
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო პიარკამპანია გაააქტიურეს.

შესაბამისად, პოლიტიკოსები ამომრჩეველის მისამართით მრავალფეროვან გზავნილებს აჟღერებენ და სხვადასხვა დაპირებებს გასცემენ.

რა შინაარსი იკვეთება პოლიტიკოსთა გზავნილებში?

"ახალი ენერგიით საქართველოს წინსვლისთვის," – ასეთია ოპოზიციური პარტია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო სლოგანი.

"ნაცმოძრაობის" ლიდერების თქმით, მათი მთავარი მესიჯი და დაპირება ქვეყნის წინსვლის რეჟიმში დაბრუნებაა.

"ორი მთავარი გზავნილია ამ სლოგანში, ერთი ის, რომ "ნაცმოძრაობა" არის მუდმივად განახლებადი ძალა, ახალი იდეებითა და სახეებით. მეორეც, ოთხი წელია ქვეყანა ვერ ვითარდება, ჩვენ კი გვსურს საქართველომ წინსვლა გააგრძელოს," – ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოკა გაბაშვილი.

ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტად "ბურჯანაძე - დემოკრატებს" "უბლოკო სტატუსი" მიაჩნიათ. შესაბამისად, პარტიის მთავარი სლოგანია - "უბლოკო სტატუსი, საქართველოს გამთლიანებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის."

"დემოკრატიული მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უბლოკო სტატუსის გამოცხადება ერთადერთი გამოსავალია.

"დროა საქართველომ მიიღოს რეალური, სრული დამოუკიდებლობა და არ იქცეს რომელიმე ქვეყნის საჯილდაო ქვად, არ იყოს პოლიტიკურ თამაშებში ჩართული, რაც ნამდვილად მოგვიტანს სიძლიერეს," - ამობს "დემოკრატიული მოძრაობის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი, საკრებულოს დეპუტატი, დავით წიტაიშვილი.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებისგან განსხვავებით, "ლეიბორისტები" ქვეყნის გადარჩენის გზას ოლიგარქიულ სისტემასთან ბრძოლაში ხედავენ.
მშრომელთა პარტიის წინასაარჩევნო გზავნილიც საბრძოლო განწყობისაა და ამომრჩეველს ამ სლოგანით - "ეს ბრძოლა შენია" მიმართავს.

"ბანდიტ ოლიგარქიასთან ბრძოლაა საჭირო. ბოლო პერიოდში ხელისუფლება აიღეს რუსმა ოლიგარქებმა. ისინი საქართველოს უყურებენ როგორც შპს -ს და ხელისუფლებამ ხალხი მსახურად აქცია. ყველა სფეროში მონოპოლიაა, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და ამ არჩევნებით გადარჩეს ქვეყანა," - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის კოორდინატორი და საკრებულოს დეპუტატი, სამსონ გუგავა.

"პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა" პრიორიტეტად ხალხის სამსახურში ყოფნას მიიჩნევს.

ბლოკში, სადაც "გირჩი", გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები" გაერთიანდნენ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის გაძლიერება ხელისუფლების ხალხის სამსახურში ყოფნითაა შესაძლებელია. ამიტომაც, პარტიის სლოგანია "სახელმწიფო ხალხისთვის."

გაერთიანებული ბლოკის ცენტრალურ ოფისში ამბობენ, რომ ხალხის სამსახურში ყოფნა პირველ რიგში გაძლიერებულ ეკონომიკას გულისხმობს.

"ხელისუფლება უნდა გვემსახურებოდეს ჩვენ, ხალხს და არა ჩვენ, ხალხი ხელისუფლებას," - ამბობს ბურჭულაძის პარტიის ქუთაისის #48 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ცამციშვილი.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრები კი ამომრჩეველს გათავისუფლებას სთავაზობენ.

სწორედ ამიტომ, პარტიის ლიდერებმა წინასაარჩევნოდ სლოგანი "გავთავისუფლდეთ" - გააჟღერეს.

"ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამპარტავნებისგან, ასეთ შემთხვევაში უფრო დაგაფასებენ, შურისგან უნდა გავთავისუფლდეთ, ასეთ შემთხვევაში უფრო წარმატებულად ვიგრძნობთ თავს, სიძულვილისგან უნდა გავთავისუფლდეთ, ასეთ შემთხვევაში უფრო ადვილად დავამარცხებთ მტერს," - ამგვარად განმარტა პარტიის მთავარი გზავნილი "რესპუბლიკელების" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით უსუფაშვილმა.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრის, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის და #48 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, ნატო ქათამაძის თქმით, ხელისუფლება ვერ იქნება ქმედითუნარიანი თუ ჩინოვნიკები არ იქნებიან შინაგანად თავისუფალი ადამიანები.

"მაგალითად, თავიდან პოლიტიკოსები გულუხვები არიან დაპირებებით, მაგრამ ვერ თავისუფლდებიან ანგარიშვალდებულებებიდან, რაც იწვევს ნეპოტიზმს. ამიტომ ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ყოველგვარი მანკიერებისგან, ნეპოტიზმისგან, ოკუპაციისაგან, კომუნისტური აზროვნებისგან," - ამბობს ქათამაძე.

უკეთეს ცხოვრებას სთავაზობს "თავისუფალი დემოკრატები" ამომრჩეველს და პარტიის მთავარი მესიჯიც "უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრებაა."

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერების თქმით, გუნდს აქვს ზუსტი ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყვანონ ქვეყნის ეკონომიკა უძრაობიდან და მოქალაქეებს უკეთესი ცხოვრების პირობები შეუქმნან.

მმართველი გუნდის წინასაარჩევნო სლოგანი "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობაა".

"ქართული ოცნების" წევრების თქმით, ქვეყნამ განვითარება უნდა გააგრძელოს.

ჩამოთვლილი მრავალფეროვანი გზავნილების ფონზე ამ დრომდე სლოგანის გარეშე რჩება "გაერთიანებული ოპოზიცია".

პოლიტიკურ ბლოკში ექვსი პარტია დავით თარხან-მოურავის "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", კონსტანტინე გამსახურდიას "თავისუფლება", კახა კუკავას "თავისუფალი საქართველო", აკაკი ასათიანის "საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი", გოჩა ჯოჯუას "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და გია ბერძენიძის "ძალოვან ვეტერანთ და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" ერთიანდება.

არჩევნებში გამარჯვებისთვის რომ დიდი მნიშნელობა აქვს სლოგანს და კარგად დაგეგმილ პიარს, ამაზე პოლიტიკური პარტიების ლიდერები ღიად საუბრობენ. თუმცა, პოლიტიკოსების გზავნილებს შორის არჩევანს მოსახლეობა გააკეთებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 29 დღე დარჩა.

Print