პოლიტიკა
"ქართულმა ოცნებამ" დმანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კახა ოქრიაშვილი წარადგინა (R)
FaceBook
"არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდან დაიწყება შეუქცევადი აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა ოჯახი საკუთარ თავზე იწვნევს, დღეიდან 4 წლის თავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა."

ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დმანისის მოსახლეობას, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წარუდგინა.

"ბატონ კახას უკვე ათ წელზე მეტია ვიცნობ, ჯერ კიდევ საბანკო სექტორში მუშაობის დროს. მე გავიცანი ის, როგორც ინიციატივიანი, პროფესიონალი ადამიანი. იგი ძალიან წარმატებულია თავის საქმეში. მისი კომპეტენცია ყოველთვის იყო ფართო. კახა პარლამენტში საქმიანობისას აქტიურობით გამოირჩეოდა",-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

გიორგი კვირიკაშვილმა დმანისელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესის ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობის მნიშვნელობას.

"თქვენ ალბათ აკვირდებით, როგორ დემოკრატიულად მიმდინაროებს საარჩევნო პროცესი დღეს, რამხელა განსხვავებაა თუნდაც 4-5 წლის წინანდელი ვითარებისგან, რაც ხდებოდა 2011 წლის შემოდგომაზე და შემდგომ, მთელი 2012 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, დღესაც არის ცალკეული ინცინდენტები, მაგრამ მთლიანობაში თვისობრივი განსხვავებაა მიღწეული. არა მხოლოდ საარჩევნო პროცესი,მთლიანად ქვეყანაში სრულიად განსხვავებული ვითარებაა, ადამიანებს აღარ ეშინიათ მთავრობის, არის თავისუფალი მედიაგარემო და თქვენ ხედავთ რამდენი კრიტიკა ისმის ტელევიზიებში. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ღირსნი ვართ კრიკტიკის, ვიდრე წინა ხელისუფლება იყო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არის აბსოლუტური თავისუფლებაა ქვეყანაში. ეს არის იმ ბრძოლის მონაპოვარი, რომელიც ქართველმა ხალხმა გასწია და რომელიც ნამდვილად დავიმსახურეთ,"- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მმართველი ძალის მიერ 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე დიდი საბიუჯეტო რესურსი დაიხარჯა ჯანდაცვის რეფორმაზე, რათა ადამიანებს აღარასდროს დაუდგეთ ქონების გაყიდვის აუცილებლობა მკურნალობის ხარჯების დასაფარად.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარების მიმართულებით მოქმედ სახელმწიფო პროგრამებზე და მოსახლეობას მიწოდა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი თანამოქალაქეების კეთილდღეობისკენ არის მიმართული.

"ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება. ჩვენ გვაქვს სწრაფი განვითარების, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი განვითარების გეგმა და არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდან დაიწყება შეუქცევადი აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა ოჯახი საკუთარ თავზე იწვნევს. დღეიდან 4 წლის თავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, გაცილებით განვითარებული, მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით. ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევის კონკრეტული გეგმა. განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმირების, მთლიანად ქვეყანაში მმართველობითი სისტემის ისეთი რეფორმის, როცა თითოეული ადამიანის აზრი იქნება გათვალისწინებული და, რა თქმა უნდა, მართლწესრიგი და სტაბილურობა ქვეყანაში, რაც არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან, თუ კანონმა არ იკანონა, ის ქვეყანა ქვეყანა არ არის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ამას აუცილებლად მიაღწევს!"-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, დმანისელები ბიძინა ივანიშვილის, "ქართული ოცნების" ირგვლივ პირველი დღეებიდანვე გაერთიანდნენ და დღესაც ქვეყნის სადარაჯოზე დგანან.

"დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ღირსეულად გავართმევთ თავს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. უამრავი პროექტი, უამრავი პროგრამა განხორციელდა, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში. ჩვენი ერთსულოვნებით და ერთად დგომით, ამ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ. ზუსტად პარტია "ქართული ოცნება" გახლავთ საქართველოში ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს შესაძლოებლობა ეს პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება იქნება არა მხოლოდ პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერების, ჩვენი აქტივისტების გამარჯვება, არამედ ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება",-აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა ოქრიაშვილმა პრემიერსა და "ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" სრულიად ახალი გუნდი ქვეყანას წინ წაიყვანს და უამრავ პრობლემას გადაჭრის.

Print