პოლიტიკა
გენდერი და პოლიტიკა - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
გენდერული თანასწორობა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - ამ საკითხებზე ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ქალებმა იმსჯელეს.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა "ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლელა სებუამ.

მისი თქმით, წელს პოლიტიკური პარტიების სიებში ქალთა რაოდენობა გაზრდილია.

"მნიშვნელოვანი თემაა გენდერი. მე, როგორც ქალი კანდიდატი გენდერულად დაბალანსეულ სიების მომხრე ვარ. წელს გაზრდილია სიებში ქალთა რაოდენობა, თუმცა ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი", - განმარტა ლელა სებუამ.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი, ნატო ქათამაძე ამბობს, რომ ქალებს ისევე, როგორც მამაკაცებს შეუძლიათ ქვეყნის მართვა.

"წლებმა დამანახა, რომ თუ ძალით არ გამოვართვით მამაკაცებს ის ბერკეტები, ნებით არ თმობენ. დროა მეტი ქალი ჩაერთოს ქვეყნის მართვის პროცესში ," - აცხადებს ქათამაძე.

შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატ ქალებთან ერთად არასამთავრობო ორგნიზაციის წარმომადგენლები მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფორუმი გენდერული თანასწორობის ქსელის პროექტის "ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში" ფარგლებში ჩატარდა.

საქართველოს პარლამენტი ქალთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს 193 ქვეყანას შორის 145-ე ადგილზეა.

ქვეყნის საკანონდებლო ორგანოში სულ 150 დეპუტატია, აქედან 132 მამაკაცი და 18 ქალია.

Print